საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

საერთაშორისო გამჭვირვალობა ზუგდიდის ინციდენტზე დროულ რეაგირებას ითხოვს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდში მომხდარ ფაქტებზე დროულ სამართლებრივ რეაგირებას სთხოვს და მოუწოდებს,  მაქსიმალურად უზრუნველყოს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის უსაფრთხო გარემოში ჩატარება - საგანგებო განცხადებას ამის შესახებ ორგანიზაცია საკუთარი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

ტაბულა უთვლელად გთავაზობთ TI-ის განცხადებას:

"ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის მორიგი პრაიმერი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს. ღონისძიების დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეებმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათ წყლით სავსე ბოთლები და ცოცხები დაუშინეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მანქანებს. პარტიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით ქვებსაც ისროდნენ. დემონსტრანტები ასევე შეეცადნენ კორდონი გაერღვიათ, თეატრის შენობაში შესულიყვნენ და პრაიმერი ჩაეშალათ.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს სპეციალური კორდონის მოწყობა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პრაიმერის მონაწილეთა და დელეგატთა შენობაში შესვლა, მაგრამ პოლიციამ ვერ შეძლო ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთა. ამასთან, ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ის პირები, რომლებიც ძალადობრივი გზით ხელს უშლიდნენ პოლიტიკური ღონისძიების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მაქსიმალურად უზრუნველყოს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აკვირდება ზუგდიდში მიმდინარე პრაიმერს და ასევე თეატრის ტერიტორიაზე საპროტესტო შეკრებას. ორგანიზაციის დამკვირვებელთა თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები