საქართველოს მთავრობა

მარგველაშვილი: ივანიშვილის შემცვლელზე საუბარი, ბუნებრივია, ხორციელდება

ტაბულა

როგორც დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, პრემიერმინისტრ ივანიშვილის შემცვლელზე მთავრობაში საუბარი უკვე დაიწყეს. 

"შემცვლელზე საუბარი, ბუნებრივია, ხორციელდება, მაგრამ ამ დეტალებზე საჯაროდ საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა. კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი შემდგომი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კანდიდატი, მარგველაშვილმა ჟურნალისტები პრემიერთან გადაამისამართა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ესტონურ გაზეთ Postimees-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "მე პოლიტიკიდან მალე წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა".

რაც შეეხება ახალი მთავრობის შემდგომ პერსპექტივებს და მისი შემცვლელის ვინაობას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება დაიკავოს ჩემი ადგილი".

 

კომენტარები