2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3.881 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (საქსტატი) უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს საგარეო ბრუნვა მცირდება ევროკავშირის ქვეყნებთან და იზრდება დსთ-ის ქვეყნებთან.
2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1.001 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა - მათ შორის, ექსპორტში 16%, ხოლო იმპორტში 29%.
2013 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.284 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33%-ია - მათ შორის, ექსპორტში 55% და იმპორტში 25%.
2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ თურქეთი (574 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (508 მილიონი აშშ დოლარი) და უკრაინა (279 მილიონი აშშ დოლარი). ამ პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა.
სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო სამეულში შედის მსუბუქი ავტომობილები - 260 მილიონი აშშ დოლარით ანუ ექსპორტის 26%-ით, ფეროშენადნობების ექსპორტი - 105 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთლიან ექსპორტში 11%-ით და აზოტოვანი სასუქების ჯგუფი - 50 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთლიან ექსპორტში 5%-ით.
სასაქონლო ჯგუფებიდან საიმპორტო სამეულში შედის ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 323 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთელი იმპორტის 11%-ით, მსუბუქი ავტომობილები - 284 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთლიანი იმპორტის 10%-ით და ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 135 მილიონი აშშ დოლარით ანუ იმპორტის 5%-ით.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის იანვარ-მაისში იმპორტი მუდმივად მცირდებოდა, ექსპორტი კი მარტში 10.5%-ით, ხოლო მაისში 8%-ით შემცირდა.





