ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთი: იმედია ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა მოხდება

mid.ru

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო 13 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. რეზოლუცია  ყველა დევნილის უფლებას აღიარებს დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო "ჯიუტად ამბობს უარს", გამოიტანოს დასაკვნები იმ ფაქტიდან, რომ სხვადასხვა ეროვნების ათასობით ადამიანი საქართველოს წინა ხელისუფლების "აგრესიული პოლიტიკისა" და "გადაჭარბებული ამბიციების" გამო დაზარალდა.

"წინა წლების მსგავსად, რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების გარეშე განიხილებოდა. მათ არ მიეცათ გენერალურ ასამბლეამდე რეგიონში არსებული მდგომარეობის გაცნობის საშუალება. ასეთი დოკუმენტი ხელს ვერ შეუწყობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეალური პრობლემების გადაჭრას", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თუ სერიოზულად – "და არა პროპაგანდისტული მიზნებით" – იქნება საუბრები ლტოლვილთა დაბრუნებაზე, მაშინ დაცული უინდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმები: უსაფრთხოება, კეთილი ნება, ღირსება.

"დღესდღეობით, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებეშია აღნიშნული, ეს კრიტერიუმები არ არის დაცული. 2008 წლის ოქტომბერში, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებიდან მოყოლებული, საქართველო ჯიუტად არიდებს თავს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რის გარეშეც შეუძლებელია რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა, მათ შორის ლტოლვილთათვის უსაფრთხოების შექმნის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება სამხრეთ ოსეთის მიერ საკუთარი "საზღვრის მოწყობის" მიმართ გადადგმული ნაბიჯების გარეშემო ატეხილ  ხმაურს "გაბუქებულს" უწოდებს.  

"მერამდენედ განვმარტავთ, რომ რუსი მესაზღვრეები ამა თუ იმ უფლებამოსილებას სამხრეთ ოსეთის მხარესთან ორმხრივი შეთანხმების მიხედვით ახორციელებენ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის შეთანხმება 2009 წლის 30 აპრილს შედგა. ამ საზღვრის თაობაზე ნებისმიერი შეკითხვა ქართულმა მხარემ კონკრეტულ სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთთან უნდა შეათანხმოს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა მოხდება, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება".

"დღეს, როდესაც ქართველ მოღვაწეთა ამჟამინდელ კოჰორტას აგრესორის რეპუტაციიდან პოლიტიკური გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, გვინდა გვქონდეს იმედი, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა მოხდება, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება და მიმართული იქნება სიტუაციის გრძელვადიან დარეგულირებაში, მათ შორის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის მოგვარებაში მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების გზით", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები