კალათბურთი

ჩამოტეხილი ფარიდან NBA-მდე

ზაზა ფაჩულია დიდი კაცია. სწორედაც რომ პირველ რიგში დიდი და შემდეგ მაღალი. საქართველოდან 14 წლის ასაკში წავიდა, მაშინ, როდესაც აქ არავის ეკალათბურთებოდა, მაგრამ ხალხი მაინც თამაშობდა. წავიდა და წავიდა, მას შემდეგ, სამშობლოში ძირითადად ზაფხულობით ჩამოდის. გამგზავრებისას გამოუცდელი ბავშვი იყო, ახლა კი NBA-ს მოთამაშე, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი და საქართველოს ნაკრების შეუცვლელი კალათბურთელი, კაპიტანია. სადაც არ ითამაშა, გულშემატკივარს ყველგან შეაყვარა თავი, ქართველებსაც, თურქებსაც და ამერიკელებსაც.

15 წლის უკვე ორ მეტრს წვდებოდა და შეუძლებელი იყო ვინმეს არ შეემჩნია. შეუძლებელი იყო ვინმეს არ შეემჩნია, თუ რამდენს შრომობდა წარმატების მისაღწევად და დაუფასდა კიდეც. თუ რა გზა გაიარა ამ წარმატების მისაღწევად, ამაზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე სასაუბროდ ზაზა ფაჩულიას ატლანტაში დავუკავშირდი.

14 წლის ვიყავი, როდესაც თურქეთში წავედი. თბილისში, დემირელის კოლეჯში ვსწავლობდი და მინდა ვთქვა, რომ კალათბურთის თამაშის მიუხედავად, სწავლა ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. მშობლები მთხოვდნენ, სულ ხუთებზე მესწავლა და თუ ოთხიანს მივიღებდი, სასჯელი ჩემი ვარჯიშზე არგაშვება იყო. ისე მიყვარდა კალათბურთი, რომ ძალიან ვცდილობდი ვარჯიში არასოდეს გამეცდინა, შესაბამისად, კარგად ვსწავლობდი.

...ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი თურქეთის გუნდს მასპინძლობდა. სტუმართა დელეგაცია, პატივისცემის ნიშნად, დემირელის კოლეჯს ეწვია, ჩვეულებრივი გაცნობითი სახის, მეგობრული ვიზიტი იყო. უკვე წასვლას აპირებდნენ, როდესაც ზარი დაირეკა და ბავშვები გარეთ, ეზოში გამოვედით. ყველგან ყოველთვის ყველაზე მაღალი ვიყავი და ასე იყო სკოლაშიც, შეუძლებელი იყო ვინმეს ვერ შევემჩნიე. კლასიდან გამომიყვანეს, მითხრეს, დირექტორი გიბარებსო. დერეფანში მივდიოდი და თან ვფიქრობდი, ხომ არაფერი დამიშავებია, რატომ სურს ჩემი ნახვა დირექტორს-მეთქი.

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კარიერის პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. თურქებს დირექტორისთვის უკითხავთ, ეს მაღალი ბიჭი ვინ არისო, მას უთქვამს, რომ დემირელის კოლეჯში სწავლის პარალელურად კალათბურთსაც ვთამაშობდი. გასაუბრებით კმაყოფილი დარჩნენ, რადგან 13 წლის ვიყავი, მაგრამ თურქულად საუბარი არ მიჭირდა. მახსოვს, შემდეგ ეზოში გავედით, სადაც დიდი საფეხბურთო მოედანი და მხოლოდ ერთი, ისიც ჩემი ხათრით დაყენებული კალათბურთის ფარი იყო. დელეგაციის წევრებმა მკითხეს, შეგიძლია ფართან შესვლა, ბურთის ჩაგდებაო? შევედი და რომ ჩავტენე, ჩამოვტეხე კიდეც, როგორც ჩანს, კარგად დამაგრებული არ იყო. მოკლედ, წასვლის წინ დამემშვიდობნენ და მითხრეს, რომ ერთ კვირაში დამიკავშირდებოდნენ.

ხუთი დღე იყო გასული, როდესაც თბილისში სტამბოლის ულქერის გენერალური მენეჯერი, დირექტორი და ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ჩამოვიდნენ. საქმე ისაა, რომ 1 კვირით ადრე სკოლაში მოსული პირები ნაკრებს წარმოადგენდნენ, სამშობლოში ჩასვლისას, მათ ადგილობრივ გუნდებს ჩემზე ინფორმაცია მიუწოდებიათ და ულქერის გარდა, სხვა გუნდებსაც გამოუთქვამთ ჩემი ხილვის სურვილი, თუმცა დედაქალაქელებმა იაქტიურეს და თბილისში ჩამოსვლისას ჩემს მშობლებს შეხვდნენ.

ულქერის ხელმძღვანელებმა თავისთან დაგვპატიჟეს, ჩამოდით, ნახეთ, რა როგორ არის და მერე გადაწყვიტეთ, ზაზა თბილისში დარჩება თუ ჩვენთან ითამაშებსო. სიმართლე გითხრა, მაშინ არც ვიცოდი თურქეთში კალათბურთი რამდენად განვითარებული იყო, ჩვენს ქვეყანაში ინფორმაცია არ შემოდიოდა, სპორტსმენები და მით უმეტეს კალათბურთელები, უცხოეთში არც თამაშობდნენ, მგონი მხოლოდ სტეფანია იყო NBA-ში. როდესაც სტამბოლში ჩავედით, ნამდვილად საუკეთესო გუნდი დამხვდა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სანამ გუნდის ბაზას ვნახავდით, დედამ უპირველესად იმ სკოლის ჩვენება მოითხოვა, სადაც უნდა მესწავლა. თურქებს ეს ფაქტი თან გაუკვირდათ, თან ძალიან ესიამოვნათ. საქართველოდან იქ ჩასულს ნამდვილად შესანიშნავი პირობები დამხვდა, 10 თებერვალს 14 წლის გავხდი, 13-ში კი მთელი ოჯახით თურქეთში გავფრინდით.

პატარა ზაზა სრულიად უცხო ქვეყანაში კალათბურთის სათამაშოდ გაემგზავრა. ეს იმ დროს უპრეცედენტო ამბავი გახლდათ, რადგან საქართველოდან უცხოეთში სათამაშოდ წასული ძალიან ცოტა სპორტსმენი იყო, კალათბურთელი კი მხოლოდ ვლადიმერ სტეფანია. 1997 წელს, ლეგიონერთა რიცხვს 14 წლის ფაჩულიაც შეემატა.

მოკლედ, 14 წლის თურქეთში ვთამაშობდი. ახლა მგონი თვითმფრინავში, მგზავრობისას უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში, ამას შეჩვეული ვარ, მაგრამ მაშინ ძალიან გამიჭირდა. მართალია, თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ პატარა ბიჭისთვის ერთი კულტურიდან მეორეზე გადაწყობა ძალიან რთული აღმოჩნდა. ეს 13-მილიონიანი უდიდესი ქალაქი, აზიის და ევროპის გასაყარზე მყოფი, ამდენი ავტომობილი, საცობები... მაშინ ჩემთვის ყველაფერი უცხო იყო. ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, სწავლას და ვარჯიშს ერთმანეთს ვუთავსებდი, თავისუფალი დრო კი ძალიან ცოტა მრჩებოდა. რამდენიმე წელი ასე გავატარე...

ფაჩულია რიგით მესამე ქართველი იყო, ვინც 2003 წელს NBA-ში შეაბიჯა. მიუხედავად იმისა, რომ ზურგს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშის გამოცდილება უმაგრებდა, საწყის პერიოდში ამერიკაში ადაპტაცია მაინც ძალიან გაუჭირდა.

ვგრძნობდი, რომ ყოველდღე, ყოველკვირა, ყოველთვე და ყოველ წელს ვვითარდებოდი. 3 წელი ვითამაშე ულქერში პროფესიონალურ დონეზე და 19 წლის ვიყავი, როდესაც NBA-ს დრაფტზე დავდექი, სადაც 5 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოვხვდი. მეორე რაუნდში ორლანდო მეჯიქმა ამირჩია. შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება, მომიწია ზაფხულის ლიგის თამაშებში მონაწილეობის მიღება, რათა დამემტკიცებინა, რომ ამერიკაში დარჩენის ღირსი ვიყავი. გუნდში ჩემს ევროპაში დროებით გაშვებას ფიქრობდნენ, მაგრამ ჩემი თამაშით გადავარწმუნე ხელმძღვანელობა და ორწლიანი კონტრაქტი მივიღე. ასე დაიწყო ჩემი ამერიკული კარიერა, დღეს კი უკვე მეათე წელი მიდის, რაც აქ ვარ.
როდესაც აქ ჩამოვედი, არავის ვიცნობდი, მეგობარი არ მყავდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვიცნობდი, ჩემი აგენტი იყო, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობდა, იქიდან ორლანდომდე კი საკმაოდ შორია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაშიც მქონდა ნათამაშები და ასე თუ ისე გამოცდილი ვიყავი, მაინც გამიჭირდა.

1998 წელს მამა გარდამეცვალა და ამერიკაში დედასთან ერთად გამოვემგზავრე. კარგი ის იყო, რომ მართლაც ძალიან მაგარ ორგანიზაციაში და კარგ გუნდში მოვხვდი. NBA-ში, ალბათ, როგორც ასეთი, ცუდი გუნდი არ არსებობს, მაგრამ იმ დროისთვის ორლანდო მეჯიქი ნამდვილად შესანიშნავი იყო. რომელი ერთი კალათბურთელი ჩამოვთვალო: ტრეისი მაკგრეიდი, ჯუან ჰოვარდი, მწვრთნელი დოკ რივერსი იყო... ამ მხრივ გამიმართლა, რომ კარგ ხალხთან ერთად მოვხვდი, ვინც გამიადვილა ამერიკულ კულტურასთან, ცხოვრების წესთან შეგუება. რთული იყო ის, რომ ულქერში წელიწადში 30-35 შეხვედრას ვატარებდით, აქ რომ ჩამოვედი – 90, ახლა კი უკვე 100 თამაშამდეც ვატარებ, ხომ ხვდები რამხელა სხვაობაა?

მახსოვს, ახალი ჩამოსული ვიყავი, სეზონის ნახევარი იყო გასული და გუნდელებს ვკითხე, როდის ვამთავრებთ თამაშს-მეთქი, დამცინეს – ჩვენ ახლა შევდივართ ფორმაშიო.

ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ახალგაზრდა ვიყავი, ორლანდოში მოვწონდი და ვუყვარდი ხალხს, მე კი, ჩემი მხრივ, თამაშს ვუმატებდი. ევროპაში გაცვლის, ე.წ. ტრეიდის გამოცდილება არ მქონდა, ასე ვიყავი შეჩვეული – თუ აფორმებ კონტრაქტს გუნდთან, თამაში იქვე უნდა ჩაამთავრო. მოკლედ, ასეა თუ ისე, ზაფხულში მომიწია მილუოკიში გადაბარგება. არადა, ორლანდოს ძალიან მოვერგე, უკვე სახლიც კი მქონდა ნაყიდი, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი.შემდეგ შარლოტ ბობკეტსი მოევლინა NBA-ს, როგორც 30-ე წევრი. წესია – როდესაც ახალი გუნდი ჩნდება, მას აქვს უფლება აირჩიოს მოთამაშეები სხვადასხვა კლუბებიდან, ეს უკანასკნელნი კი იძულებულები არიან, მათ სხვადასხვა კალათბურთელები დაუთმონ. შარლოტმა მე ამიყვანა და ერთ საათში გამცვალა მილუოკი ბაქსში.

მილუოკიშიც კარგი სიტუაცია დამხვდა, თუმცა ფლორიდიდან ვისკონსინში გადაბარგება რადიკალური ცვლილება იყო – სიცხიდან სიცივეში მომიწია ცხოვრება. პრინციპში, მილუოკიში ვერაფერს ვაკეთებდი, ვერ ვერთობოდი. მადლობა ღმერთს, იქ რამდენიმე ქართული ოჯახი გავიცანი და მათთან ვურთიერთობდი. ეს იყო პატარა ქალაქი, სადაც სულ ცივა და მზე მგონი არასოდეს უნახავთ (იცინის).

გამიმართლა, რომ აქაც ძალიან კარგი გუნდელები მყავდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტონი კუკოჩს, რომელიც მართლაც ძალიან დამეხმარა. ამ ლეგენდარულმა ხორვატმა კალათბურთელმა, რომელსაც ჯორდანთან ერთად უთამაშია და თავისი ქვეყნის გარდა დიდი პატივით სარგებლობს იტალიაში და ამერიკაშიც, მართლაც ბევრი რამ მასწავლა, თვალი ამიხილა ბევრ რამეზე. კარგი იყო ისიც, რომ მე და ტონი შეცვლაზე ერთად შევდიოდით და მასთან ერთად მიწევდა თამაში, რაც იმხელა სიამოვნება იყო, რომ დღესაც კი მახსოვს. მას მიმტანს ეძახდნენ ზედმეტსახელად, რადგან როგორც მიმტანს მიაქვს კლიენტისთვის კერძები, ასევე არიგებდა პასებს.

2 წლის შემდეგ გავხდი თავისუფალი აგენტი და ზაფხულში მომივიდა შემოთავაზება ატლანტადან. სიმართლე გითხრა, არც ველოდი, მაშინ ატლანტა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო, ჯორჯიელებს მხოლოდ 13 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული.

ფაჩულია ატლანტა ჰოქსში 2005 წელს გადავიდა. მაშინ ჯორჯიელებს ძალიან ცუდი გუნდი ჰყავდათ. ზაზასთან ერთად გუნდში ჯო ჯონსონი ჩაირიცხა, შემდეგ მოვიდნენ სხვა კალათბურთელებიც და ნელ-ნელა გუნდმა შედეგების ჩვენება დაიწყო. ქართველი დღემდე ჰოქსის ღირსებას იცავს, თუმცა დღეს ატლანტას ასოციაციაში ღირსეულ და ანგარიშგასაწევ ძალად მოიაზრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ატლანტა ასეთი ცუდი გუნდი იყო, აქ თამაში ვარჩიე, რადგან დიდი შანსი მქონდა, სასტარტო ხუთეულის კალათბურთელი გავმხდარიყავი. როდესაც ჩავედი, ჩემს პოზიციაზე მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო, რომელიც ძალიან მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ დავრჩი მარტო და გავხდი სასტარტო მოთამაშე. ასე დაიწყო ჩემი ატლანტური კარიერა, აი, უკვე რვა წელია აქ ვარ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ატლანტა ჩემი სახლია. როდესაც რვა წელი ერთ დარბაზში ხარ, ერთი გულშემატკივრის წინ 800 მატჩს ატარებ, ეს ნორმალურიცაა. მოედნის გარეთაც ძალიან ხშირი შეხება მაქვს გულშემატკივართან, ეს ჩემშიც დევს და NBA-ს წესიცაა, რომ მოთამაშეებს გულშემატკივართან ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ, სულ დავდივართ სკოლებში, საავადმყოფოებში...

ფაჩულია ამერიკელებისთვის მხოლოდ ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული თავდადებული თამაშით და ეგზოტიკური სახელით და გვარით როდია ცნობილი. 2008 წელს, ქართველი საყოველთაო ინტერესის ობიექტად იქცა, როდესაც მატჩის დროს, NBA-ს ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს, კევინ გარნეტს წაეჩხუბა.

ძალიან მიხარია ისეთ გუნდში ყოფნა, რომელიც ბოლო წლებში პლეი-ოფში რეგულარულად იღებს მონაწილეობას. პლეი-ოფი უკიდურესად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია. 2008 წელს ბოსტონს შევხვდით, გუნდს, რომელმაც შემდგომში მოიგო კიდეც ტიტული. საერთოდ, სელტიკსი ცნობილია აგრესიული კალათბურთით, ამ გუნდის მოთამაშეები პარკეტზე ყოფნისას ხშირად ილანძღებიან და რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო რაღაცებს ეუბნებიან მეტოქეებს. ეს განსაკუთრებით კევინ გარნეტს ეხება, რაც მე არ აღმომიჩენია, წლებია უკვე ამის შესახებ ყველამ იცის.

მოკლედ, ერთ-ერთ ეპიზოდში, გარნეტმა მოძრაობა გააკეთა და იდაყვი მიზანმიმართულად მომარტყა სახეში. საქმეც ამაშია, რომ მან ეს ძალით გააკეთა, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, რეაქცია არ მექნებოდა. სწორედ აქ გამოვლინდა ალბათ ჩემი ხასიათი, ჩვენებურად რომ გითხრა, გადამეკეტა, ავფეთქდი და წავიჩხუბეთ. საქართველოს ნაკრების თამაშებსაც თუ გავიხსენებთ, იქაც იყო რამდენიმე ასეთი ეპიზოდი. არ მიყვარს მოედანზე რამის დათმობა და ალბათ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.

ამ ამბავს სპორტულ მედიასა და გულშემატკივრებში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამერიკელებს ძალიან გაუკვირდათ ევროპელი კალათბურთელის ასეთი საქციელი, რადგან ბებერი კონტინენტიდან წამოსულ სპორტსმენებს ყოველთვის ოდნავ სხვა თვალით უყურებდნენ. გარნეტი სახელოვანი მოთამაშეა და მასთან კინკლაობას ბევრი ვერ ბედავს. ფაჩულიამ გაბედა...

ეს თამაში ჩვენთან სახლში, ატლანტაში იყო. ინციდენტს იმხელა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ნამდვილად არ ველოდი. NBA-მ, რა თქმა უნდა, სოლიდური თანხით დამაჯარიმა, მაგრამ ეს თანხა არაფერია. ვერანაირი თანხით ვერ იყიდი გულშემატკივართა იმ სიყვარულს და დაფასებას, რაც მე ამ ეპიზოდის შემდეგ მოვიპოვე. ჩემდამი დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა. მოედნის გარეთ მე კევინ გარნეტს ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი კალათბურთის ისტორიაში სამუდამოდ შესულია, დამყარებული აქვს არაერთი რეკორდი და საერთოდ, ბრწყინვალე მოთამაშეა.

...კარიერის დასაწყისში ძალიან მიჭირდა შაკილ ონილის წინააღმდეგ თამაში. როდესაც შაკი ლეიკერსში თამაშობდა, მისი დაჭერა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. იაო მინთან პაექრობა გახლდათ ძალიან ძნელი, რადგან ჩემზე ბევრად მაღალი იყო. დუაიტ ჰოვარდთანაც მიჭირდა, მაგრამ ბოლო 2-3 წელია, ასეთი რამ აღარ მიგრძვნია. გამოცდილება თავისას შვრება.

ჩემი სიმპათიები კალათბურთელების მიმართ ყოველ წელს იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რამდენად წარმატებული სეზონი აქვს. ძალიან მომწონდნენ ჯეისონ კიდი და სტივ ნეში, მათთან თამაშს ვნატრობდი. როდესაც ასეთ სპორტსმენებთან ერთად თამაშობ, წარმატება გარანტირებული გაქვს. სამწუხაროდ, ორივე დაბერდა და ისეთ სიმაღლეზე ვერ არიან. საერთოდ, ცენტრისთვის გამთამაშებელი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, რადგან, ასე ვთქვათ, ჩვენ მათგან ვხეირობთ. დღესდღეობით ჩემი ფავორიტი მაინც კევინ დურანტია. კევინი არა მხოლოდ შესანიშნავი მოთამაშე, ძალიან კარგი ადამიანიცაა.

საქართველოს ნაკრების მეშვიდე ნომერი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ეროვნულ გუნდშია. ფაჩულიას უთამაშია ნაკრებში, რომელიც წარმატებას ვერ აღწევდა და, ამავდროულად, უშუალო თანამონაწილე იყო იმ აღორძინების, რაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბოლო წლებში განიცადა.

იცი, რა არის საინტერესო? ახლა რომ გადავხედავ ხოლმე ჩემს კარიერას, ატლანტასა და საქართველოს ნაკრებს შორის ძალიან ბევრ საერთო ელემენტს ვხედავ. როდესაც ჰოქსში მივედი, ძალიან ცუდი გუნდი იყო. ერთად ჩავირიცხეთ მე და ჯო ჯონსონი, დრაფტიდან ავიყვანეთ რამდენიმე მოთამაშე და საბოლოოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო და ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ. ნაკრებს რაც შეეხება, თამაში ბ დივიზიონში დავიწყეთ, ახლა კი გასულ ევროპის ჩემპიონატზე ათეულში შევედით. ეს ძალიან დიდი წინსვლაა და მიხარია, რომ ამ პროგრესის ნაწილი ვიყავი ორივეგან. პროცესი გრძელდება, არ დამთავრებულა და ახლა უფრო გამოცდილმა, უკეთ ვიცი, თუ რა უნდა გავაკეთო ჰოქსში და საქართველოს ნაკრებში, რომ გულშემატკივარი გავახარო.

გულშემატკივრებში და არაოფიციალურ წრეებში, არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ნაკრები გადაიზარდა, კოკოშკოვის დონეზე მაღლა ავიდა. ზოგი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა ნაკრები სერბ სპეციალისტზე გამოცდილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს. ამაზე ფაჩულიას თავისი აზრი აქვს

ვფიქრობ, რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, გარშემო ყველა კმაყოფილი არ დაგრჩება და ეს ალბათ კარგიცაა, კრიტიკა საჭიროა. თუმცა არსებობს რეალობა – კოკოშკოვმა რაც მოახერხა, მანამდე ვერავინ შეძლო. თუ გადავხედავთ იმ პერიოდს, რაც იგორი ჩვენი მწვრთნელია, პროგრესი ყოველ წელს შეინიშნება და არ შეიძლება ამის დაუფასებლობა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ უკან ნაბიჯი ბოლო პერიოდში არც გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ძლიერი გუნდები გვყავდა ქვეჯგუფში, როგორიც ბოსნია და ლატვიაა, ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მოვხვდით.

მე ძალიან ვაფასებ კოკოშკოვის შრომას, იმას, რასაც ყველამ, კალათბურთელებმა და მწვრთნელმა ერთად მივაღწიეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქართული ხასიათის გაწვრთნა ურთულესია, მით უმეტეს უცხოელისთვის. სიმართლე გითხრათ, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, მეც კი მიჭირს შეგუება, თუმცა ქართველი ვარ და გადმოწყობას ვახერხებ. ჩვენთან სხვანაირი მიდგომაა საჭირო, თავისებური ხალხი ვართ. ყველას მოგება გვინდა, ყველას თამაში გვინდა, არ გვიყვარს სკამზე ჯდომა, ამბიციურები ვართ. ეს ყველაფერი ისეა დასაბალანსებელი, რომ წარმატებას მიაღწიო და გაიმარჯვო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა გაგინებს. მოკლედ, ფედერაციის გადაწყვეტილებაა, თუ ვინ იქნება მწვრთნელი, მაგრამ კოკოშკოვის წარმატებული მუშაობის არდანახვა არ შეიძლება.

ზაზა ფაჩულიამ მარტში სერიოზული ტრავმა მიიღო და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. თავდაპირველად გაცხადდა, რომ ნაკრების კაპიტანს 6 თვის გამოტოვება მოუწევდა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე საუკეთესო კალათბურთელის გარეშე იასპარეზებს.

ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით სასიკეთო ძვრებია, თუმცა არ მინდა ვინმე დავაიმედო, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შევძლებ, ეს არც მე წამადგება ფსიქოლოგიურად და არც ნაკრების წევრებს. პროგრესი მართლაც არის, უკვე ჩვეულებრივად დავდივარ, ყოველგვარი ყავარჯნისა და სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე. მალე რეაბილიტაციის კურსს დავიწყებ, შემდეგ ექიმებს შევხვდები და ვნახოთ, რას მეტყვიან.

დღეს, საქართველო NBA-ში ორი კალათბურთელითაა წარმოდგენილი – ბრუკლინ ნეტსის რიგებში სადებიუტო სეზონს ატარებს ახალგაზრდა თორნიკე შენგელია.

თორნიკეს მამა, კახა შენგელია ჩვენი ოჯახის ახლობელია, თორნიკეს კი ბავშვობიდან ვიცნობ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მეგობრები ვართ და ძალიან მიყვარს. როგორც კალათბურთელს, ძალიან ვაფასებ და ვთვლი, რომ მომავალი აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თორნიკე ძალიან შრომისმოყვარეა. აქ როდესაც ხედავენ, რომ შრომა გიყვარს, შანსს აუცილებლად მოგცემენ, მერე კი შენზეა, რამდენად გამოიყენებ. პრინციპში, თოკომ ასეც გააკეთა – შანსი მისცეს და რამდენიმე თამაშში გამოიყენა კიდეც. ძალიან ვგულშემატკივრობ, ვცდილობ მაქსიმალურად ინფორმაცია მივიღო მისი წარმატებების შესახებ და რეკომენდაციაც გავუწიო. სკაუტებს და მწვრთნელებს შენგელია ძალიან მოსწონთ.

პირველი რამდენიმე წელი, მოთამაშე NBA-ს ეჩვევა და მე თოკოსაც ვუთხარი, რომ პირველ წელს არ უნდა ელოდოს დიდ სათამაშო დროს. რაც მთავარია, შენგელია სწორ გზაზეა და რამდენიმე წელიწადში უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშე იქნება.

როდესაც მეკითხებიან, რომელია შენი სამშობლოო, Georgia-ს ვპასუხობ და მართლაც ასეაო, ამბობს ზაზა ფაჩულია. მართალია, საქართველოში გადაბმულად მხოლოდ 14 წელი იცხოვრა, მაგრამ სამშობლო გამორჩეულად უყვარს, ატლანტაში კი უკვე 8 წელია და ძალიან შეეჩვია.

ატლანტაში 2005 წელს გადმოვედი. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ აქაურობას შევჩვეოდი და შემდგომში, როდესაც დავოჯახდი, ამან საქმე გამიადვილა. როდესაც ჩემი მეუღლე თიკა ალავიძე ატლანტაში ჩამოვიდა, უკვე თამამად შემეძლო მეჩვენებინა ქალაქი, რომ თვითონაც ადვილად აეღო ალღო აქაურობისთვის. კარგია, რომ თიკას ის მომენტი არ ჰქონია, რაც მე გამოვიარე, როდესაც არავის ვიცნობდი. გვყავს 3 შვილი: დავითი, საბა და მარიამი, რომელიც შარშან ივლისში შეგვეძინა. თიკაც და ბავშვებიც აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენი სახლი, სამშობლოა, მაგრამ რადგან აქ ვმოღვაწეობ, ატლანტაც მეორე სახლია. ბავშვები სკოლაში დადიან, ბიჭები კალათბურთს თამაშობენ. ძალიან სასიამოვნო მომენტია, რომ ჰოქსის მოთამაშეებს ერთად დაგვყავს შვილები კალათბურთზე. ხან ბავშვები მოდიან ჩვენი შეხვედრების საყურებლად, ხან ჩვენ მივდივართ მათთან.

ნამდვილად გამიხარდებოდა, თუ ჩემი შვილებიდან რომელიმე კალათბურთს ითამაშებდა, თუმცა მშობლებისგან იმ ფორმულას ნამდვილად გადავიღებ, რომ შვილებს განათლებაზე გავამახვილებინო ყურადღება. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვებს განათლება მივცე, კალათბურთი კი ახლა უფრო გართობისთვის აქვთ. თიკამ, იქიდან გამომდინარე, რომ სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა, აქ, ატლანტაში გახსნა ცეკვის სტუდია, სადაც ბავშვებს ამეცადინებს. ემიგრანტებს ყველაფერი ქართული გვენატრება, კულტურა, ტრადიციები. ამიტომ, ჩემმა მეუღლემ, რაც იცის, იმას აკეთებს. სურვილი მაქვს, შემდგომში ჩემმა შვილებმაც ისწავლონ ქართული ცეკვა.

ფაჩულია ჭკვიანი, წინდახედული ადამიანია. იცის, რომ მთელი ცხოვრება ვერ ითამაშებს და კარიერის შემდგომ ცხოვრებაზეც აქტიურად ფიქრობს.

ძალიან დაინტერესებული ვარ ბიზნესით და უკვე მეხუთე წელია, სხვადასხვა პროგრამებზე ვსწავლობ სხვადასხვა სკოლებში. შარშან ჰარვარდში ვიყავი, ახლა ჯორჯიის საუკეთესო კოლეჯში, ემორის სკოლაში ვიღებ განათლებას. თბილისშიც მაქვს რამდენიმე საქმე და ჯორჯიაშიც, თუმცა განათლების მიღება აუცილებელია. საერთოდ, NBA-ს ყველა მოთამაშე ასოციაციის სახე, მისი წარმომადგენელია, როგორც აქტიური კარიერის დროს, ასევე მისი დამთავრების შემდეგ. მსურს, რომ როდესაც კალათბურთის თამაშს დავასრულებ, ბიზნესშიც წარმატებული ვიყო.

კომენტარები