ვიდეო მუქარა

პრეზიდენტი NATO-ს გავრცელებული ვიდეოების წარმოშობის დადგენაში დახმარებას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა საკუთარ "Facebook"-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ის  NATO-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს მომხდარი ტერორისტული აქტის და  გავრცელებული ვიდეოების(სადაც თალიბები ქართულ შენაერთებს განადგურებით ემუქრებიან) წარმოშობის გამოძიებაში დახმარებას სთხოვს.  

"ბატონო გენერალურო მდივანო, ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გიხდით თქვენი სამძიმრისა და კეთილი სიტყვებისთვის ამ დიდი ეროვნული გლოვის დროს. ასევე მადლობას ვუხდი ნატო-ს მისი მხარდაჭერისთვის და ამ შეტევის დროს აღმოჩენილ დახმარებისთვის დაჭრილთა გადარჩენისა და მკურნალობის პროცესში. ამ მხარდაჭერამ დაგვარწმუნა, რომ დაცული იქნება რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე და უფრო მეტი საქართველოს შვილი დაუბრუნდება საკუთარ სახლებსა და ოჯახებს. თქვენ მართალს ბრძანებთ, რომ ავღანეთში აისაფის მისიის მხარდაჭერისთვის საქართველომ გარკვეული ფასი გაიღო, მაგრამ ჩვენ ღრმად გვწამს ამ მისიის დიდი მნიშვნელობის და იმის, რომ ავღანეთში სტაბილურობისა და დაცულობის მიღწევა გადამწყვეტია რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვეამაყება, რომ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ალიანსს და გავაგრძელებთ დამატებითი გზების ძიებას, რათა უზრუნველვყოთ ადამიანური რესურსი, გამოცდილება და ნატო-ს მისიის მხარდაჭერა, რადგან ჩვენ მივისწრაფვით ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით აისაფის მისიისა და ვიმედოვნებთ, რომ ნატო დაგვეხმარება ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტის გამოძიებაში. ასევე მადლობელი ვიქნებოდი, თუკი ნატო დაგვეხმარება იმ ორი ვიდეოს წარმოშობის დადგენაში, რომლებშიც თალიბები ქართულ შენაერთებს განადგურებით ემუქრებიან. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს წევრები გააგრძელებენ საქართველოსთან თანამშრომლობას ჩვენი დაჭრილი ვეტერანების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და სრული მხარდაჭერის თვალსაზრისით" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები