ვიდეო მუქარა

ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ ვიდეომუქარები პროფესიონალების გაკეთებულია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამოძიება განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვით, თალიბების სახელით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს ავტორი შესაძლოა ძალიან კარგად იცნობდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ-ოპერატიულ საშუალებებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს ვიდეო არის პროფესიონალების მიერ გაკეთებული, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ალიბი და გადაეფარათ რისკები. გულწრფელად გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, ეს იყოს გაკეთებული იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ-ოპერატიული საშუალებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, IP მისამართის დადგენა და დამნაშავეების დაკავება ძალიან რთული ამოცანაა, რომელშიც ქართულ მხარეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურო ეხმარება.

"ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ დადგენილია IP მისამართი. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, თუ რამდენად რთული პროცესია ეს. საქმე გვაქვს კიბერდანაშაულთან, რომელიც 21-ე საუკუნის არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. კიბერდანაშაულებზე საუბრობენ არა მხოლოდ ჩემი კოლეგები, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები. შესაბამისად, იმის თქმა, რომ IP მისამართი არის დადგენილი და ძალიან მარტივია დამნაშავეების დაკავება, არის ძალიან პრიმიტიული და სასაცილო ნათქვამი".

"დამნაშავეს აქვს ნამუშევარი ძალიან ჭკვიანურად და აქვს გადაფარული რისკები. ჩვენ ძალიან აქტიურად გვეხმარება ამერიკის მთავრობა, კერძოდ, საგამოძიებო ბიურო და მაქვს იმედი, რომ ამ საქმეს გავხსნით", - აცხადებს ღარიბაშვილი.

კომენტარები