ვიდეო მუქარა

ბარნოვი: ჩვენ არ მივცემთ მთავრობას საშუალებას, ვიდეოების საქმე მიჩქმალონ

Reuters

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი მოითხოვს, შსს-მ დაუყოვნებლივ, უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მუქარის შემცველ ვიდეოებზე, "თუ პრემიერი არ ჭორაობს და ის რაიმე ინფორმაციას ფლობს".

ბარნოვი აცხადებს, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოების წარმომავლობაზე გამოძიება დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს, თუმცა "ამის სანაცვლოდ, მთავრობის წარმომადგენლები და პრემიერი ჭორაობას აგრძელებენ".

"გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით ყანდიაშვილის შესახებ და მის მიერ გავრცელებულ ჭორებზე, სადაც მან ამ კლიპების გავრცელებაზე საუბრისას ხელი დაადო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, დღეს კი, იმავე ჭორებზე ლაპარაკობს პრემიერი და ხელს იშვერს გარკვეული ადამიანებისკენ. საზოგადოებას უნდა შევახსენო, რომ პრემიერმა ამავე მანერით დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა ფარესიშვილის ეპიზოდში, თუმცა შემდგომ საზოგადოებამ ნახა, რომ ამ ყველაფრის გამავრცელებლები პრემიერის გუნდის წევრები აღმოჩნდნენ. აქაც, იმის ნაცვლად, რომ გამოძიება ობიექტურად ჩაეტარებინათ, დააკავეს მხოლოდ ხვედელიძე, ხოლო ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის მიმართ მოკვლევა არც კი დაწყებულა. თავად ხვედელიძეს ბრალი წაუყენეს არასწორი და მსუბუქი მუხლით. შემდეგ, როგორც ჩვენი სარწმუნო წყაროდან არის ცნობილი, ქვეყნიდან გააპარეს, ისე, რომ ერთი წუთითაც კი არ ყოფილა დაკავებული", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ბარნოვი აცხადებს, რომ მთავრობა დაინტერესებულია ხელი სხვას შეაწმინდოს:

"ეს დაინტერესება სახეზე იყო ფარესიშვილის ეპიზოდში და, როგორც ჩანს, სახეზეა ახლაც. ეს კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ პრემიერი და მთავრობა სიცრუეში გვაცხოვრებენ და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა ივანიშვილის მხრიდან საფირმო ნიშნად ყალიბდება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ამ მთავრობას საშუალებას, რომ ამ ვიდეოების საქმე მიჩქმალონ. ვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიებას და თუ პრემიერი მხოლოდ ჭორაობით არ არის დაკავებული და მის განცხადებებს საფუძვლად უდევს რაიმე, მაშინ ვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს დაუყოვნებლივ, დღესვე, უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე გამოაცხადოს!" - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

"ამ ჯგუფის საქმიანობა არის ძალიან სახიფათო ქვეყნის ინტერესებისთვის და უსაფრთხოებისთვის და მათი განეიტრალება ასევე არის საქართველოს ეროვნული ინტერესების საკითხი", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები