ტრანსფერი

დღეს ნეიმარი ოფიციალურად ბარსელონელი გახდება

ნეიმარი
reuters.com

ბარსელონას ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნეიმარი კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ესპანელთა განცხადებიდან ხდება ცნობილი, 21 წლის ბრაზილიელი კატალონიაში 27 მაისს ჩავა და შეთანხმებას ხელს მოაწერს. ხელშეკრულება 5-წლიანია, თუმცა ფინანსური დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

ნეიმარმა საკუთარ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა და სანტოსის გულშემატკივარს გასული 9 წლისთვის მადლობა გადაუხადა:

"მეგობრები და მშობლები დამეხმარნენ, რომ დამეწერა რამდენიმე სიტყვა თქვენთვის, რადგან ახლა ძალიან მიჭირს... ორშაბათს ყველაფერი გაფორმდება, თუმცა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უკვე ყველაფერი იციან. ორშაბათს ბარსელონასთან კონტრაქტს ხელს მოვაწერ. მადლობა მინდა გადავუხადო სანტოსის გულშემატკივრებს ამ არაჩვეულებრივი 9 წლისთვის. ჩემი გრძნობები კლუბის და გულშემატკივრების მიმართ არასოდეს შეიცვლება, ეს სამუდამოა! მხოლოდ ისეთ კლუბს, როგორიც სანტოსია, შეეძლო ჩემთვის მოეცა ის, რაც მომცა. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, ყველა ტიტული, სიმღერა და დღესასწაული, რომელიც ფანებმა ჩემთვის შექმნეს, სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში", - ნათქვამია ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორის განცხადებაში.

კომენტარები