დაკავება

ადვოკატები ითხოვენ, მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ განესაზღვროთ

gurianews.com

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდოთ. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების საფუძველი საერთოდ არ არსებობს, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ.

"დაკავების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჭიაბერაშვილიც და მერაბიშვილიც ამ საქმეზე მოწმის სახით არაერთხელ იყვნენ დაბარებულები და თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. არანაირი გარემოება არ არსებობს, რომ ისინი შესაძლოა, მიემალნონ გამოძიებას იმ ფონზე, როდესაც ორივე ადამიანი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი და პარტიულ საქმიანობას ეწევიან. გამოძიების პერიოდში რამდენჯერმე იყვნენ საზღვარგარეთ, როგორც მერაბიშვილი, ასევე ჭიაბერაშვილი და მიმალვის განზრახვა რომ ჰქონოდათ, საქართველოში საერთოდ არ ჩამოვიდოდნენ. მათი გადაუდებელი ფორმით დაკავება დაუსაბუთებელი, უკანონოა. შესაბამისად, ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიციაა, მათ არცერთი სახით აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდოთ", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

ჩივიაშვილი ასევე აღნიშნვს, რომ ვანო მერაბიშვილი სასაცილოდ მიიჩნევს იმ მუხლებს, რითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი.

ადვოკატის ვარაუდით, თუ პროკურატურა სასამართლოს დღის პირველ ნახევარში მიმართავს, პროცესი დღესვე ჩატარდება. მისი თქმით, თუკი შუამდგომლობა სასამართლოში საღამოს შევა, აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

 

კომენტარები