17 მაისის აქცია

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა ჯგუფი, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. აღნიშნული მიმართვა სოციალურ ქსელებში გვრცელდა და მას ამ დროისთვის 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ 17 მაისს აქციის ძალადობრივი დარბევა, იყო "გალაშქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ". 

"2013 წლის 17 მაისს განხორციელდა ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებული აქციის დარბევა აგრესიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები. მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი. 
მიგვაჩნია, რომ 2013 წლის 17 მაისს ექსტრემისტულმა ჯგუფმა უხეშად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლები: 126-ე მუხლი – ძალადობა; 142-ე მუხლი – ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხელყოფა; 153-ე მუხლი – სიტყვის თავისუფლების ხელყოფა; 154-ე მუხლი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა; 161-ე მუხლი – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა; 239-ე მუხლი – ხულიგნობა; 352-ე მუხლი – სახალხო დამცველზე ზემოქმედება; 353-ე მუხლი – პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა; 353-ე პრიმა მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლის მიმართ. 
ამასთან, 2012 წლის 27 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული 53-ე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის თანახმად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: "დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის" , - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვის ხელმომწერები აცხადებენ, რომ მტკიცებულებების სახით არსებობს ფოტო და ვიდეომასალა და "კანონის წინაშე თანასწორობა, თანაბრად უნდა ეხებოდეს საერო თუ სასულიერო პირებს". 

"არსებობს ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზემოჩამოთვლილ კანონდარღვათა მტკიცებულებებად. მასზე, კერძოდ, დაფიქსირებულია, რომ სასულიერო პირები არღვევენ პოლიციის კორდონს, რითაც გზას უხსნიან აგრესიულ მასას ლგბტ აქციის დაუცველი მონაწილეებისკენ, უქმნიან მშვიდობიან ადამიანებს ფიზიკური განადგურების საშიშროებას და სდევნიან მათ. მათი ზოგადი ჩართულობა, ჟესტიკულაცია, რეპლიკები და განცხადებები დემონსტრანტებს აგრესიისა და ძალადობისკენ უბიძგებს. 

მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტები. უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს", - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები