17 მაისის აქცია

კბილაშვილი: სასულიერო პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიება ხელოვნური იქნებოდა

ტაბულა

მთავარი პროკურორის განცხადებით, არ არსებობდა გარემოებები, რის გამოც პროკურატურა 17 მაისის მოვლენებში მონაწილე სასულიერო პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვდა.

"აღმკვეთი ღონისძიების აუცილებლობა გამომდინარეობს კონკრეტული პირის ბუნებიდან და შესაძლებლობიდან. რამდენად შესაძლებელია გაანადგუროს მან მტკიცებულება, ან გაიქცეს ქვეყნიდან და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში არცერთი გარემოება არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ აღმკვეთი ღონისძიება გამოგვეყენებინა, ეს იქნებოდა არა ბუნებისმიერი საჭიროება, არამედ ხელოვნური", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კბილაშვილისვე თქმით, სასულიერო პირების მიმართ დევნის განხორციელება უკვე მნიშვნელოვანი ფაქტია და აღმკვეთი ღონისძიება მეორეხარისხოვანია:

"17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება გრძელდება. პასუხისმგებლობაშია მიცემული ორი სასულიერო და ორი საერო პირი. მათ მიმართ დევნა დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც შეკრების და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას ითვალისწინებს. ის, რომ სასულიერო პირების მიმართ დევნა განხორციელდა, იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ფარავს სხვა დანარჩენს. აღმკვეთი ღონისძიება უკვე მეორე და მესამეხარისხოვანია. მე ვერ ვიხსენებ სასულიერო პირებთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურას მიეღო, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის პრაქტიკა, რომ პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილიყოს", - ამბობს არჩილ კბილაშვილი.

17 მაისის ინციდენტში მონაწილე სამების ტაძრის არქიმანდრიტსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს ბრალი შსს-მ 23 მაისს წაუყენა. ხსენებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 ივლისსაა ჩანიშნული.

 

კომენტარები