17 მაისის აქცია

ბოკერია: ვიყოთ ერთიანები მოძალადეების წინააღმდეგ

გიგა ბოკერია
tabula.ge

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა ”პოზიციაში” სატელეფონო ჩართვისას 17 მაისის მოვლენები შეაფასა და წინა ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა უმცირესობებთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, უმცირესობების მიმართ სიძულვილის პრობლემა არ არის ახალი და ახალი ხელისუფლების ბრალი. ეს არის ღრმა პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო და 90-იან წლებში ძალიან გამწვავდა. ”ასე არავინ არ სვამს ამ საკითხს, მაგრამ აქ არის პრინციპული საკითხი. ვინ იყენებდა ამ საწამლავს წლების განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ”, - კითხულობს გიგა ბოკერია. მისი თქმით, ვერ იხსენებს ვერცერთ მსგავს შემთხვევას მისი პოლიტიკურ ძალის მხრიდან. ხოლო რაც შეეხება ცალკეულ წაცდენებს, ბოკერის განცხადებით, არასოდეს დაუტოვებიათ საჯარო რეაქციის გარეშე.

მან ასევე გაიხსენა, რომ რელიგიური უმცირესობების მიმართ ყველაზე აგრესიული ჯგუფები დაკავებული და გასამართლებული იყვნენ წინა ხელისუფლების მიერ და მათ წინააღმდეგ ლეგიტიმური ძალები იქნა გამოყენებული. ბოკერია იხსენებს, რომ მაშინ ზოგიერთმა ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანმაც დაგმო ბასილ მკალავიშვილის დაკავება, ”როგორ გაბედეს ეკლესიაში შესვლაო”.

ახლა კი, მისი თქმით, ფოკუსირება არა წარსულზე, არამედ მომავალზე უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ წარსულის ანალიზიც ძალიან მნიშვნელოვანია. ”ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი და მომავალი არის დასჯა იმ ხალხის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა”, - აცხადებს ბოკერია.

მან შარშან 17 მაისის მოვლენებიც გაიხსენა და თქვა, რომ დემონსტრანტებს აქციის ბოლომდე ჩატარების საშუალება არ მიეცათ. ბოკერიას განმარტებით, აქციას წინასწარი კამპანია და შეტყობინება არ უძღოდა, პოლიციამ დააგვიანა, თუმცა დარბევა არ მომხდარა, მაგრამ ეს შემთხვევაც სამარცხვინოდ მიაჩნია. ის იხსენებს, რომ მეორე დღეს შესაბამისი ზომები იქნა მიღებული. იყო ”კარგი” კორდონი და თავისუფლად, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ჩაიარეს რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა. გიგა ბოკერიას შეცდომად მიაჩნია ის, რომ რამდენიმე მოძალადე, ვინც მაშინ ძალადობა სცადა, მსუბუქად დაისაჯნენ. დღეს კი ვანდალიზმისა და ბარბაროსობის გამო უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ეთერშიც იხილეს და ვისზეც მტკიცებულებების მოპოვება რთული საერთოდ არ არის.

მან ასევე ისაუბრა, თუ როგორი სახიფათოა ძალადობის გამართლება. ”ყველაზე სახიფათო ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები არიან, ვინც ამბობს, მე ძალადობას ვგმობ, მაგრამ... და მერე იწყება ეს მაგრამ, რაც არის ხოლმე ამ ყველაფრის ჩამოთვლა და ბოლო-ბოლო მიდიან იქამდე, რომ მსხვერპლია დამნაშავე. ესაა პრობლემა”, - ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიამ ისაუბრა იმ პოლიტიკურ გარემოზეც, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარებულიყო 17 მაისის აქცია ძალადობის წინააღმდეგ. ”დღეს არის ვითარება, როდესაც ხელისუფლებას და პრემიერმინისტრს ჰქონდა ღია, დეკლარირებული მხარდაჭერა ამ ღირებულებების და არავის უცდია ბინძური ქულების დაგროვება ამ საკითხზე, ამიტომ ამ სპეკულაციებს და კეკლუცს თავი დავანებოთ და მოვახდინოთ ფოკუსირება იმაზე, რაზეც კონსენსუსი არის”, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

მან მოუწოდა, რომ ყველანი ერთიანები იყვნენ მოძალადეების წინააღმდეგ, რადგან მომავალშიც დადგება კრიტიკული მომენტები. მან ასეთი კრიტიკული ვითარების მაგალითად მოიყვანა კანონი რელიგიური უმცირესობებისთვის სტატუსის მინიჭებაზე, როდესაც მათი პოლიტიკური ოპონენტების 99%-მა და სამოქალაქო საზოგადოების 99%-მა ”კეკლუცობის” გამო დისტანცირება არჩია - ან პირდაპირ დაესხნენ თავს, ან საბაბი მოიფიქრეს, რომ მხარი არ დაეჭირათ. ბოკერიას თქმით, მსგავსი ქმედებები იმ კლიმატს ქმნის, რაც დღევანდელის მსგავს მდგომარეობამდე მიმყვანია.

კომენტარები