რელიგიური შეუწყნარებლობა

მუსლიმთა სამმართველო: ვგმობთ ყოვლად გაუმართლებელ და სამარცხვინო ფაქტს

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამართველო“ ციხისძირში 14 აპრილს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.  კვირას საღამოს, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მომხდარი ინციდენტი მოხდა. სოფელში სტუმრად მყოფმა სამხედრო პირებმა რელიგიური ნიშნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მკვიდრს. სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა სოფელში მცხოვრები ლევან მესხიძე და მისი მეუღლე, მანქანით გადაადგილებისას გააჩერეს და გაჩხრიკეს, მესხიძის თქმით, ისინი ქრისტიანობის სიმბოლოს, ჯვარს ეძებდნენ, რადგან თუ ისინი ქრისტიანები არ იყვნენ "შუბლის გახვრეტა" ემუქრებოდათ.

"საქართველო მრავალეროვნული და მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც საუკუნეების მანძილზე ძმურად, მეგობრულად, ურთიერთსიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ხელიხელჩაკიდებული ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა თუ აღმსარებლობის ადამიანები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რელიგიური დაპირისპირების. ვფიქრობთ დღეს, ეს არის მავანთა მცდელობა ჩამოაგდოს შუღლი და მტრობა სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველ ძმებს შორის, რაც, ეჭვგარეშეა მარცხისთვისაა განწირული, რამეთუ გარკვეული ინდივიდების, თუნდაც საჯარო მოხელეების, შეუსაბამო საქციელი არ და ვერ იქნება მთლიანად ქვეყნის და ერის პოზიცია.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობს აღნიშნულ, ყოვლად გაუმართლებელ, სამარცხვინო ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით მოითხოვს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარონ ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დასჯილი იქნენ კანონის სრული სიმკაცრით. აქვე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით მოახდინა დროული რეაგირება და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ინციდენტში მონაწილე ყველა საჯარო მოხელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები