რელიგიური შეუწყნარებლობა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია რელიგიური ნიშნით განხორციელებულ ძალადობას გმობს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის მღვდელმთავრობით, ციხისძირში სამხედროებსა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის მომხდარი ინცინდენტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ეპარქია ასევე შეშფოთებულია უკანასკნელ პერიოდში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების გამო. ამის შესახებ განცხადება ეპარქიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"მწუხარებას გამოვთქვამთ 14 აპრილს, ციხისძირსა და ქობულეთში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე სამხედრო პირმა, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას. არიან დაშავებულები. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ, თავად ხდებიან მსგავსი ინციდენტის მიზეზი. შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო პერიოდში რელიგიურ ნიადაგზე გახშირებული დაპირისპირების გამო, რაც, ჩვენი აზრით, ინსპირირებულია ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა მიერ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ექსცესები აღარ განმეორდება, რადგან რელიგიურ დაპირისპირება გამოიწვევს ქვეყანაში უმართავ პროცესებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხეს შეუქმნის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტაბულა შეეცადა დაეზუსტებინა, ვის მოიაზრებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია "ქვეყნის არაკეთილმოსურნეებში", რომელთაც ის რელიგიური შუღლის გაღვივებაში სდებს ბრალს, თუმცა ეპარქიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

კომენტარები