სასკოლო სახელმძღვანელოები

მარგველაშვილი: სახელმძღვანელოებზე ოჯახები 50-80 მილიონს ხარჯავდნენ, წელს კი 12 მილიონი ეყოფა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების რეალიზაციიდან 50-დან 80-მილიონამდე ლარი ამოდიოდა, ახლა კი ამ პროცესს 12 მილიონი ეყოფა. 

"ზუსტი მონაცემებით საუბარი ამ ეტაპზე მიჭირს, მაგრამ სახელმძღვანელოების ბაზარი ყოველწლიურად - 9 წლის განმავლობაში, 50-დან 80 მილიონ ლარამდე ადიოდა. ეს იყო გარანტირებული თანხა, რომელიც ქართული ოჯახების ჯიბეებიდან ამოდიოდა. ეს ხდებოდა იმ ვითარებაში, როდესაც საარსებო მინიმუმი 153 ლარი, ხოლო საშუალო შემოსავალი 145 ლარია, თანაც მშობლებს არჩევანი არ ჰქონდათ - მათ უარი უნდა ეთქვათ შვილის განათლებაზე ან ისეთ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, როგორც რუსთავის სკოლის მოსწავლეები - წიგნების ქრეროასლებით ესარგებლათ. სქემის ანალიზი არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ კითხვები, რა თქმა უნდა, ჩნდება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ახლა 12 მილიონი ლარი უჯდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით ამგვარი სისტემის შენარჩუნება დანაშაული იქნებოდა:"12 მილიონი ლარი არის ქუთაისში აშენებული პარლამენტის ერთი შესასვლელის ფასი ან ანბანის კოშკის ერთი ფლიგელი, პრეზიდენტის ვერტმფრენების ერთი სალონი, 7 ვილიდან ერთ-ერთის მოპირკეთების ფასი. მე ვფიქრობ, რომ დანაშაული იქნებოდა ამ სისტემის შენარჩუნება, მით უმეტეს, რომ ამის მოგვარება შეიძლება მხოლოდ იმ თანხით, რაც შარშან მარტო სოციალურად დაუცველებისთვის იყო გამოყოფილი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები