თავდაცვის მინისტრი

ალასანია: საოკუპაციო ძალების დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ არ შეცვლილა

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველო მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს, რადგან საოკუპაციო ძალების ყოფნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დარღვევით, დღესაც იძლევა ამის საბაბს.

მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების მხრიდან არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ მათი დამოკიდებულება რაიმე ფორმით შეიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დაწყებული სავაჭრო მოლაპარაკებები აგრესიული რიტორიკის შემცირების იმედებს აჩენს.

"აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბოლო პერიოდში რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხებში იმედს აჩენს, რომ ორ ქვეყენას შორის აგრესიული რიტორიკა შემცირდება. აჩენს პატარა იმედს იმისას, რომ ჩვენ შეიძლება გადავიდეთ სამუშაო ურთიერთობების იმ ფაზაზე, რაც დაადაბლებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას, მაგრამ დღეისთვის, ასეთი თვითრწმენის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა იქმნება და ''ეს იქნება დამოუკიდებელი რესურსების შექმნის ძალიან კომპლექსური გზა''.

"ჩვენ გაქვს ზუსტად გათვლილი გეგმა, თუ როგორ უნდა შევუქმნათ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის სარდლობას დამხმარე ავტონომიური ელემენტები, რაც საშუალებას მისცემს, კონფლიქტისა და ესკალაციის პირობებში ავტონომიურად იმოქმედონ და შემოსულ მტერს წინააღმდეგობა გაუწიონ", - აღნიშნა ალასანიამ.

 

კომენტარები