თავდაცვის მინისტრი

ირაკლი ალასანია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა. ალასანიას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და უელსის სამიტის შედეგებს.

"ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საფრანგეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა", - აცხადებს სამინისტროს პრესსამსახური და ირაკლი ალასანიას კომენტარს აქვეყნებს. მინისტრის განცხადებით, “საქართველოსა და საფრანგეთის სამხედრო თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება. დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრ დრიანთან განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ოპერაციის მიმდინარეობა ცენტრალურ აფრიკაში, როგორ უზრუნველვყოფთ ერთობლივად უსაფრთხოებას ამ ოპერაციის მიმდინარეობისას. ასევე, ვისაუბრეთ საქართველო-საფრანგეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით საფრანგეთის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, ვისაუბრეთ ნატოში ჩვენი გაწევრიანებისთვის აუცილებელი სამხედრო თავსებადობის კუთხით რას გააკეთებს საფრანგეთი ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაგრძელდეს და ქართულ-ფრანგული ურთიერთობები რეალურად გახდეს სტრატეგიული დონის”. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტი დღეს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

კომენტარები