თავდაცვის მინისტრი

ალასანია: აგვისტოს მოვლენები შესასწავლია, რათა შეიარაღებულმა ძალებმა შეცდომები აღარ გაიმეოროს

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, 2008 წლის ომის მოვლენების შესწავლის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

''ზოგიერთი შეშფოთებულია ალბათ, საქართველო რომ ვერ დაიცვეს, 8 მილიარდი რომ იყო ჩვენს თავდაცვაში დახარჯული და სამწუხაროდ, გამართული არ იყო არც კომუნიკაცია, არც ევაკუაციის გეგმა და არც რეზერვი არ იყო მზად", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის მოვლენების შესწავლა აუცილებელია, რათა ''შეიარაღებულმა ძალებმა მსგავსი შეცდომები აღარ გაიმეოროს''.

თავდაცვის მინისტრის თქმით, არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმას, ''რომ ეს იყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები''.

''საერთოდ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში რუსეთის აზრი. მე მაინტერესებს ის, რომ საქართველოში სიმართლე გაირკვევა. მე მაინტერესებს ის, რომ მომავალში ჩვენს სამხედროებს ექნებათ შესაძლებლობა სწორად იხელმძღვანელონ, სწორად დაგეგმონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. მსოფლიო, საქართველოსთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშ არც აყენებდა და არც დააყენებს ოკუპაციას, არც დააყენებს იმას, რომ ეს იყო სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ამაზე ზედმეტი ინსინუაციები და საუბრები არ მიმაჩნია საჭიროდ. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა მთელი იმ დოკუმენტაციის, იმ ნაბიჯების, იმ გადაწყვეტილებების მთელი ჯაჭვის, რასაც რუსეთის აგრესიული ომის პირობებში ქართული მხარე აწარმოებდა. დაველოდოთ შედეგებს. ამას დრო დასჭირდება და სწრაფად არ იქნება", - აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები