თავდაცვის მინისტრი

ალასანია: საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს გასული 4 თვის საქმიანობის ანგარიშს აბარებს. როგორც ალასანიამ სხდომაზე განაცხადა, ''თავდაცვის დოქტრინა და ანალიზი მიანიშნებს, რომ საქართველო მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს''.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სადაზვერვო  მონაცემებით, პრაქტიკულად ვითარება არ შეცვლილა. ვიტყოდი, მძიმდება იმით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, თავდაცვის მთელი დოქტრინა და ანალიზი მიანიშნებს, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორც სტრუქტურული რეფორმების და სამოქალაქო კონტროლის განხორციელება, ასევე, პირველ რიგში, ის, რომ მუდმივ შეიარაღებულ მზადყოფნაში გვყავდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები. მუდმივად ვამოწმებთ საბრძოლო მზადყოფნას და ვდგამთ ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომელიც, თუ აუცილებლობა გაჩნდება და შეკითხვები იარსებებს, უფრო დეტალურად შეიძლება აგიხსნათ დახურულ ფორმატში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა, ერთ-ერთ საფრთხედ, სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის პოტენციური შესაძლებლობაც დაასახელა.

"საფრთხედ რჩება უკვე დაგეგმილი ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორიზმის შესაძლო, პოტენციური საფრთხე. აქედან გამომდინარე, შსს-სთან ერთად გვაქვს ძლიერი კომპლექსური ურთიერთქმედება, რომ ყველა მოსალოდნელი საფრთხე საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაქსიმალურად იყოს გათვლილი", - აღნიშნა ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ, დეპუტატებთან შეხვედრამდე, კომენტარი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, უსმენდნენ თუ არა სამხედრო უწყების თანამშრომლები ოქრუაშვილს.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა, 15 მარტს, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ.

კომენტარები