ვენესუელა

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები14 აპრილს გაიმართება

ვენესუელის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები 14 აპრილს გაიმართება. კანდიდატებს რეგისტრაცია 11 მარტამდე შეეძლებათ. გაერთიანებული სოციალისტური პარტიის კანდიდატი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ჩავესის მიერ მის მემკვიდრედ დასახელებულ ნიკოლას მადუროა. მას გასულ წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის და მოგვიანებით ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. მადურო მოსახლეობას ჩავესის კურსის უცვლელობას ჰპირდება და "21-ე საუკუნის სოციალიზმის" შენების გაგრძელებას გეგმავს.

ოპოზიციამ საკუთარ კანდიდატად  ენრიკე კაპრილესი დაასახელა. კაპრილესი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჩავესთან ბრძოლაში დამარცხდა. მას მირადის შტატის გუბერნატორის პოსტი ეკავა და წინა საარჩევნო კამპანიის მანძილზე ხშირად გამხდარა ჩავესის კრიტიკის ობიექტი მისი ეკონომიკური შეხედულებების გამო. კაპრილესის განცხადებით, ბრაზილიის მოდელი მისთვის სამაგალითოა. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა პრობიზნესული მიდგომის განვითარება სოციალური პროგრამების კვალდაკვალ. კაპრილესმა მადლობა გადაუხადა დემოკრატიული ერთიანობის მოძრაობას დასახელებისთვის, თუმცა საბოლოო თანხმობა  ჯერ არ განუცხადებია.

უგო ჩავესი კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 5 მარტს გარდაიცვალა. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, კონსტიტუციის მიხედვით, საჭიროა ვადამდელი არჩევნების გამართვა 30 დღის მანძილზე, თუმცა დანიშნული თარიღი ამ პერიოდს სცდება, რაც ოპოზიციის მხრიდან უკვე გახდა კრიტიკის მიზეზი.  

კომენტარები