პოლიტიკა

წრეზე სიარული

4 თებერვალს, ქართული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობმა ორმა რუსმა ექსპერტმა, ალექსანდრ სილაევმა და ანდრეი სუშენცოვმა, და ერთმა ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა, ფიოდორ ლუკიანოვმა, თბილისში МГИМО-ს ეგიდით შექმნილი მოხსენება წარმოადგინეს. ნაშრომი, რომელიც ავტორთა მტკიცებით, ერთწლიანი კვლევის შედეგად შეიქმნა, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებს მიეძღვნა. მოხსენება, გარკვეულწილად, რუსულ ელიტაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა განწყობასაც ასახავს.

დოკუმენტი, მისი არსი ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, დელიკატურად, მაგრამ გასაგებად მიუთითებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საქართველომ სასურველია უარი თქვას ისედაც „უპერსპექტივო” ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს „პოლიტიკურ სუბიექტებად”, გააუქმოს ან შეარბილოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და გახსნას სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით. ასევე – გააუქმოს გადაწყვეტილება ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ და შეწყვიტოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის განხორციელება.

რას მიიღებს საქართველო ამის სანაცვლოდ? ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის „თანდათანობით” გახსნას და, შესაძლოა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას. ამით საქართველოსთვის მისაღები სიკეთეების ჩამონათვალი იწურება. ავტორებმა გასაგებად განმარტეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოსკოვი არცერთ შემთხვევაში უკან არ წაიღებს. არა, მოსკოვი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი სულაც არ არის, ოღონდ ეს თავად აფხაზებმა და ოსებმა უნდა მოინდომონ (აქ ახალი არაფერია, მოსკოვი ამას 20 წელია გაიძახის, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა აფხაზებმა და ოსებმა საქართველოში ცხოვრება არ მოინდომონ).

ფიოდორ ლუკოანოვმა კი ის აზრიც გააჟღერა, რომ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება არარეალურია. და რომ მოსკოვი დიდად არ არის დაინტერესებული თბილისთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, ეს უფრო საქართველოს ინტერესებშია.

მას და მოხსენების ავტორებს ქართველმა ექსპერტებმა ძირითადად ღირსეული ოპონირება გაუწიეს. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია – წინა ხელისუფლების ოპონენტებმაც, რასაც სტუმრები, ალბათ, არ ელოდნენ.

ფიოდორ ლუკიანოვმა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები 6 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერა და აღნიშნა, რომ თბილისში „ცივი ომის სულისკვეთება” დაინახა. კერძოდ, საპროტესტო პიკეტმა თბილისში „რუსულ-ქართული ჟურნალისტიკის სკოლის” წინააღმდეგ, მას თავი აგრძნობინა „1980 წელს უცხოეთში საბჭოთა დაწესებულების თანამშრომლად, რომელსაც დასავლეთის დედაქალაქში ავღანეთის თავისუფლების მხარდასაჭერად მანიფესტაციის მონაწილეები ხვდებიან”.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ექსპერტებს შორის დიალოგს მიესალმა და ისიც აღნიშნა, რომ МГИМО-ს ანალიტიკოსების მიერ წარმოდგენილი მოხსენება რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.

თუმცა, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტში იყო მოხსენიებული, საკუთარი მოსაზრებები თუ მოთხოვნები რუსეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გამოუთქვამთ.

მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არაერთხელ გაიმეორა მოთხოვნა თბილისის მიმართ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტების გაფორმების თაობაზე. რაც სწორედ „პოლიტიკურ სუბიექტებად” მათ აღიარებას ნიშნავს. „რეგიონში ახალი რეალიების” აღიარებისკენ, 2010 წლის მარტში, საქართველოს ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა მოუწოდა.

2010 წლის ოქტომბერში რუსეთის საგარეო უწყებამ კატეგორიული პროტესტი გამოთქვა საქართველოს გადაწყვეტილების გამო (ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ) და აღნიშნა, რომ თბილისი ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას ცდილობს.

2012 წლის მარტში სერგეი ლავროვმა თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება მოსთხოვა...

ჩამოსულ ექსპერტებს ჰქონდათ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებთან – ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და ა. შ. შეხვედრებს მოიცავდა.

თავისთავად დიალოგსა და აზრთა გაცვლაში ცუდი არაფერია. თუმცა ეს შეხვედრები უფრო საქართველოს საზოგადოების განწყობის ზონდაჟის შთაბეჭდილებას ტოვებდა...

მოკლედ, ამ ვიზიტისა და მისიის შედეგად ისედაც კარგად ნაცნობი სურათი კიდევ უფრო ნათელი ხდება – საქართველოს ახალი ხელისუფლების მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებით” რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიოს, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, განწირულია. სწორედ ისე, როგორც ყველა წინა ხელისუფლების ანალოგიური მცდელობები.

გავიხსენოთ, რომ ედუარდ შევარდნაძემ საქართველო დსთ-ში გააწევრიანა და მზად იყო, რუსეთისთვის სამხედრო ბაზები 25 წლით დაეკანონებინა. რაიმე დათმობაზე წასვლა მოსკოვს მაშინ აზრადაც არ მოსვლია. პირიქით, თბილისმა სანაცვლოდ ტერიტორიის დაბომბვები, სავიზო რეჟიმი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „პასპორტიზაცია” მიიღო.

მიხეილ სააკაშვილმა კრემლს ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან” დაწყება შესთავაზა, პირველი ვიზიტით მოსკოვს ეწვია და ქვეყანა რუს ინვესტორებს გაუხსნა. მაგრამ რუსეთთან კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება მიიღო – ჯერ ემბარგო, შემდეგ რუსეთიდან ქართველთა დეპორტაცია, სამხედრო აგრესია და ქვეყნის ტერიტორიის ღია ოკუპაცია...

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი და ქართული ოცნება მოვიდნენ, საზოგადოებაში ისევ რუსეთთან ურთიერთობის დათბობისა თუ „დალაგების” მოლოდინი გაჩნდა.

რატომ ხდება, რომ საქართველო მუდმივად ერთსა და იმავე წრეზე დადის? სად არის იმ გულუბრყვილობის სათავე, რომ მაინცდამაინც ეს მთავრობა წინამორბედზე იმდენად ჭკვიანი იქნება, რომ „დაალაგებს” იმას, რაც 20 წელი ვერავინ დაალაგა?

საქმე ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების ვერცერთმა ოპონენტმა ვერ გაბედა საზოგადოებისთვის სიმართლე პირდაპირ ეთქვა – რომ საქართველოზე ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული. და რომ ვერანაირი დათმობით თუ დიპლომატიით რუსეთის მოქმედ რეჟიმს ვერ აიძულებს ნებით დათმოს ის, რაც საქართველოს ძალით წაგლიჯა... ამის თქმა არაპოპულარული იქნებოდა.

სამაგიეროდ, რამდენი ხმის მოპოვება შეიძლებოდა იმის მოყოლით, თუ როგორ დააბრუნებ აფხაზეთს, გახსნი ბაზარს, ზრდილობიანად დაელაპარაკები პუტინს ისე, რომ ყველა პრობლემა ერთბაშად მოგვარდება. რომ რუსებს მხოლოდ სააკაშვილი ეზიზღებათ, თორემ ჩვენი სიმღერები და ხაჭაპური ისე უყვართ, რომ მათი ხათრით აფხაზეთსაც დაგვიბრუნებენ. ოღონდ ხელისუფლება შეიცვალოს. რომ რუსეთი „ერთმორწმუნეა” ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისგან განსხვავებით და, შესაბამისად, თუ სწორად დაველაპარაკებით, მასზე ახლობელი არავინ გვეყოლება...

ფინეთის არმიის მთავარსარდალმა, კარლ გუსტავ მანერჰაიმმა, მას მერე, რაც საბჭოთა კავშირისთვის სამთვენახევრიანი გმირული წინააღმდეგობის შემდეგ იძულებული გახდა კაბალური ზავის პირობებს დათანხმებოდა, მოსახლეობას ასე მიმართა: „ჩვენი ხვედრი მძიმეა. უცხო რასას, რომელსაც სხვა მსოფლმხედველობა და სხვა ზნეობრივი ფასეულობები აქვს, ვუტოვებთ მიწას, რომელზეც ჩვენი წინაპრები ასწლეულების განმავლობაში შრომობდნენ”. მას აგრესორის გულის მოგება არ უცდია და არც საკუთარი ხალხისთვის მიუცია ფუჭი იმედი. ეს ის გულახდილობაა, რომელიც დღეს ქართველ პოლიტიკოსებს აკლიათ.

2008 წლის შემდეგ საქართველო 1940 წლის ფინეთზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდა. თუნდაც იმით, რომ ხელი არ მოუწერია საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე და არ აუღია ვალდებულებები, რომელიც მის სუვერენიტეტს შეზღუდავდა. მაგრამ, ფინელებისგან განსხვავებით, პრობლემების მოგვარების იმედს ჩვენი საზოგადოების ნაწილი არა საკუთარი დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მიზანდასახულ მშენებლობას, არამედ კვლავ რუსეთთან მოლაპარაკებებს და მისი კეთილგანწყობის მოპოვებას უკავშირებს.

ალბათ, იმ წრეზე სიარული, რომელიც ქვეყანას არ აძლევს განვითარებისა და პოსტსაბჭოური ჭაობიდან საბოლოოდ ამოსვლის საშუალებას, მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც:

საქართველოს აღარ ეყოლება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას ისევ შეცდომაში შეიყვანენ და დაარწმუნებენ, რომ ტკბილი სიტყვებით, დათმობებით, ეშმაკობითა თუ საგარეო კურსის რაიმე სახის ცვლილებით რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დაიყოლიებენ. ან აიძულებენ, საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს შეეგუოს.

...როდესაც საზოგადოებას ეტყვიან სიმართლეს – სანამ რუსეთს მოქმედი რეჟიმი მართავს, პოლიტიკური დარეგულირების შანსები ნულის ტოლია. რასაკვირველია, თუ საქართველო არ გადაწყვეტს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რუსეთი ოკუპანტის სტატუსისგან გაათავისუფლოს და დევნილების დაბრუნების თემაც სამუდამოდ დაივიწყოს.

...როდესაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთნაირად ღიად, ადეკვატურად და რეალისტურად იმსჯელებენ რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ. და ამით კრემლს აღარ მისცემენ ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებას.

იმედია, როდესმე ასე მოხდება.

კომენტარები