ევროკავშირი და უკრაინა

ევროკავშირი უკრაინას პირობებს უყენებს

ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტს ვადას მაისამდე აძლევს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების მხრივ პროგრესს მიაღწიოს, თუ მას წელს ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება სურს. ამის შესახებ ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ბრიუსელში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე განაცხადეს. შეთანხმების ხელმოწერა ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე არის დაგეგმილი. თუმცა, ბრიუსელმა კიევს ამისთვის რამდენიმე პირობა წაუყენა, მათ შორის - ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლება. ევროკავშირმა ასევე განუმარტა უკრაინას, რომ ქვეყანას არჩევანის გაკეთება მოუწევს და ის ერთდროულად ევროკავშირთან ასოცირების გაფორმებასა და პრორუსულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

"ჩვენ სამ ძირითად სფეროს განვიხილავთ - შერჩევითი მართლმსაჯულება, არჩევნები და რეფორმები, რაც ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. შეხვედრაზე მე აღვნიშნე, რომ ევროკავშირი ამ სფეროებში გაბედულ მოქმედებას და ხელშესახებ პროგრესს მაისამდე მოელის", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ. ხოლო ევროკომიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს თქმით, ევროკავშირი თვლის, რომ შესაძლებელია ერთი ქვეყანა ერთდროულად საბაჟო კავშირის წევრი იყოს და, ასევე, ევროკავშირთან ღრმა თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს. 

"ბევრჯერ მითქვამს იმის შესახებ, თუ რას ვფიქრობთ საბაჟო კავშირზე. რასაკვირველია, ვცდილობთ მასთან თანამშრომლობის ფორმები ვიპოვოთ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ასეთ მოდელზე შევთანხმდეთ", - საპასუხოდ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. 

 

 

კომენტარები