ევროკავშირი და უკრაინა

ბჟეზინსკი: რუსეთი არ არის საკმარისად ძლიერი იმპერიის აღსადგენად

ზბიგნევ ბჟეჟინსკი

პოლიტიკური ანალიტიკოსი და აშშ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი (1977-1981 წლებში) ზბიგნევ ბჟეზინსკი მიჩნევს, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი, შორეულ პერსპექტივაში კი ეს რუსეთის გეოპოლიტიკურ მომავალზეც მოახდენს გავლენას. ამის შესახებ ბჟეზინსკი ბრიტანული გამოცემა The Financial Times-ში წერს.

ბჟეზინსკის მოსაზრებით, რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინაში მიმდინარე პროცესები ისტორიულად შეუქცევადია, რომელიც გეოპოლიტიკურ გარდაქმნებს გამოიწვევს.

"ადრე თუ გვიან, უკრაინა ნამდვილად გახდება დემოკრატიული ევროპის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით, მის გზას რუსეთიც დაადგება, თუკი ის საკუთარ იზოლაციას არ მოახდენს და არ გახდება ნახევრად ინერტული, იმპერიალისტური გადმონაშთი", - წერს პოლიტიკური მკვლევარი.

ბჟეზინსკის მოსაზრებით, უკრაინის ევროპულ მომავალს უკრაინელებში ახლად გამოღვიძებული პატრიოტიზმი განსაზღვრავს, რომელიც ნასაზრდოებია უკრაინის საკუტარი, ისტორიული იდენტობის აღქმით და იმის გააზრებით, რომ უკრაინა კულტურულად არის არა „დედა რუსეთის", არამედ ევროპის ნაწილი.

როგორც ბჟეზინსკი წერს, შემდეგ თვეში შესაძლოა ევროკავშირსა და უკრაინას შორის გარკვეული შეთანხმება შედგეს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს კიევის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, უკრაინელებმა კი უნდა გააცნობიერონ, რომ ევროპელი გადასახადის გადამხდელები არ არიან აღტაცებული იმ ფაქტით, რომ მათი ფული კიევის ამჟამინდელ კორუმპირებულ ელიტას მოხმარდება, უკრაინამ უნდა დაანახოს ევროპას, რომ ის ევროპული ღირებულებების ერთგულია.

როგორც პოლიტიკური მკვლევარი მიიჩნევს, უკრაინაში მიმდინარე პროცესები გავლენას რუსეთზეც მოახდენს შორეულ პერსპექტივაში.

"მოსკოვის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური მიზანია ძველი რუსული იმპერიის მსგავსი, თანამედროვე საბჭოთა კავშირის შექმნა. ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული ეს იდეა კი ნასაზრდოებია ქვეყნის იმპერიული წარსულით", - წერს ზბიგნევ ბჟეზინსკი.

მისივე მოსაზრებით, რუსეთს არ შესწევს ძალა, აღადგინოს იმპერია, რადგან ამისთვის საკმარისად ძლიერი არ არის, გარდა ამისა, ის არაერთი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა ეკონომიკა და მოსალოდნელი დემოგრაფიული კრიზისი.

კომენტარები