ევროკავშირი და უკრაინა

მოსკოვი უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ჩაშლას გეგმავს

რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა არ დაუშვას. ამის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა ზერკალო ნედელი იუწყება.

გამოცემის წყაროები ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნავენ, რომ მოსკოვი ევროპაში აქტიურ ქმედებებს ახორციელებს, რათა „ნებისმიერი გზით ხელი შეუშალოს ასოცირების შესახებ შეთნხმების ხელმოწერას, ისე, რომ ეს არასოდეს მოხდეს“. ასევე - არ დაუშვას უკრაინაში ფიქლის გაზის მოპოვება, გათიშის ქვეყანა დნესტრიპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესისგან და ეუთო-ში უკრაინის თავმჯდომარეობის დისკრედიტაცია მოახდინოს.

უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ნოემბერში, აღმოსავლური პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე გეგმავს. კიევმა და ბრიუსელმა მოლაპარაკებები 2011 წლის ბოლოს დაასრულეს, თუმცა ევროკავშირმა მისი ხელმოწერა გადადო უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს გასამართლების გამო, რაც ბრიუსელში პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნიეს. დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლება ერთ-ერთი პირიბაა, რასაც ევროპა კიევს შეთანხმების ხელმოსაწერად უყენებს.

 

კომენტარები