მუსიკა

ალბომები

მუსიკალურად საკმაოდ მრავალფეროვანი და ხარისხიანი 2012 წლის მიწურულს, ტაბულა გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ალბომს, რომლებიც საუკეთესოთა შორის გამოვარჩიეთ.

შევეცადეთ, რომ შერჩევა მრავალფეროვნების პრინციპით მომხდარიყო და მაქსიმალურად განსხვავებული ჟანრები შეგვერჩია, თუმცა ელექტრონული მუსიკის დომინირება შესამჩნევია გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წელი სწორედ ასეთი რელიზების სიმრავლით გახლდათ გამორჩეული.

ჩვენს ჩამონათვალში პირველ ადგილზე მოხვდა Scott Walker, მორიგი მონუმენტური ნამუშევრით Bish Bosch, რომელიც ტრილოგიის (Tilt, The Drift, Bish Bosch) ბოლო ნაწილია და წინა ნაწილების ტრადიციულ პირქუშ და უაღრესად ინტიმურ ხასიათს აგრძელებს. Bish Bosch საკმაოდ რთული ალბომია და სკოტ უოკერის მუსიკისთვის შეუჩვეველი ყური, ადვილად შესაძლებელია, მალე დანებდეს.

მეორე ადგილზე მოხვდა Actress: ბრიტანული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი, რომლის ნამუშევრებიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. R.I.P. 2012 წლის ალბომებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია და თავისუფლად შეიძლებოდა, პირველ ადგილზეც აღმოჩენილიყო.

მესამე ადგილზე გასული Kendrick Lamar, სამწუხაროდ, საქართველოში არცთუ ცნობილი სახელია. სამწუხაროდ იმიტომ, რომ მისი ეს ალბომი, რომელმაც დასავლური მუსიკალური გამოცემების აბსოლუტური პატივისცემა დაიმსახურა, 2012-ში გამოსული ჰიპ-ჰოპ ალბომებიდან ყველაზე ინოვაციურად და თანამედროვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. good kid, m.A.A.d city ჟანრის ყველა დამფასებლისთვის საყვარელ ჩანაწერად უნდა იქცეს.

ჩვენს რჩეულებში ასევე მოხვდნენ: Daphni, რომლის შესახებაც ინფორმაციას ტაბულას წინა ნომერში მოიპოვებთ; Jam City ბრიტანული Dubstep ლეიბლის – Night Slugs-ის წამყვანი არტისტია, Flying Lotus კი თანამედროვე ინსტრუმენტალ ჰიპ-ჰოპის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. Ariel Pink-ის შესახებ ქართველ მელომანებს ბევრი სმენიათ, რაც, გარკვეულწილად, თბილისის „underground” წრეებში John Maus-ის პოპულარობამ განაპირობა.

ლისტში ასევე იხილავთ Holly Herndon-ს, აკადემიური ელექტრონული მუსიკის ქალ წარმომადგენელს, რომელმაც ნამდვილად საინტერესო ალბომით დაგვამახსოვრა თავი. Franc Ocean-ს, ვინც თანამედროვე R&B-ში მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსია და ბოლოს: Micachu& The Shapes – თანამედროვე Avant-Rock-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ექსპერიმენტული მიდრეკილებების მქონე ბენდი, რომელიც ცოტა რთული მოსასმენია, მაგრამ ნამდვილად აქტუალურ მუსიკას გვთავაზობს.

  1. Scott Walker: Bish Bosch
  2. Actress: R.I.P
  3. Kendrick Lamar: good kid, m.A.A.d city
  4. Holly Herndon: Movement
  5. Daphni: Jiaolong
  6. Jam City: Classical Curves
  7. Flying Lotus: Until the Quiet Comes
  8. Ariel Pink's Haunted Graffiti: Mature Themes
  9. Micachu and The Shapes: Never
  10. Frank Ocean: Channel Orange

კომენტარები