მუსიკა

10 კონცერტი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა

Befunky

6 ნოემბერს, აშშ-ში, ჰიუსტონში ტრევის სკოტის მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ფესტივალზე Astroworld მომხდარ ჭყლეტას 14-დან 27 წლამდე 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა ასობით ადამიანი.

მეორე დღეს სკოტის, რეპერ დრეიკის, ასევე ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას Live Nation და სტადიონ NRG-ის წინააღმდეგ ერთ-ერთმა დაშავებულმა, 23 წლის კრისტიან პარედესმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარედესი ფიზიკური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს. დაზარალებულის თქმით მუსიკოსებმა "ბრბო წააქეზეს" და შემდეგ ისე დატოვეს სცენა, რომ დაშავებულებს დახმარება არ აღმოუჩინეს. თუმცა ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი სიმღერას წყვეტს და მსმენელებს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის გზის გათავისუფლებას ითხოვს.

ჰიუსტონი სახანძრო დეპარტამენტის უფროსის სამუელ პენას თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 წუთზე დაიწყო. ორგანიზატორებმა კონცერტი შეაჩერეს, როცა ნათელი გახდა, რომ ჭყლეტაში ხალხი დაშავდა. თუმცა დაშავებულთა დიდი რაოდენობის მისაღებად სამედიცინო დახმარების არსებული პუნქტები საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ტრევის სკოტი სამართალდამცავებმა დაკითხეს. ჰიუსტონის პოლიციის უფროსის თქმით რეპერი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ამ ეტაპზე მას ბრალდება არ ემუქრება. 

"მომხდარით განადგურებული ვარ. ვლოცულობ ყველა გარდაცვლილის და დაშავებულის ოჯახის წევრებთან ერთად". – წერს სოციალურ ქსელში სკოტი.

სკოტის კონცერტზე მომხდარი ტრაგედია მუსიკის ისტორიაში სამწუხაროდ პირველი არ არის. 

ვუდსტოკი 1999

გამოცემა Sun Francisco Chronicle-მა მუსიკალურ ღონისძიებას "დღე, როდესაც მუსიკა მოკვდა" უწოდა. ლეგენდარული ვუდსტოკის 30-წლის თავზე გამართული ფესტივალი ტრაგიკულად დასრულდა. ისეთი დიდი სახელების მიუხედავად, როგორებიც ჯეიმს ბრაუნი, Metallica და Red Hot Chili Peppers არიან კონცერტების სერია ცუდად იყო ორგანიზებული, გარდა ამისა მუსიკალური კრიტიკოსების ნაწილის აზრით მსმენელი გააღიზიანა იმ დროისთვის წარმოუდგენლად მაღალმა ფასებმა, მაგალითისთვის ერთი ბოთლი წყალი 5 დოლარი ღირდა. ფესტივალის ტერიტორიაზე არაერთი კანონდარღვევა მოხდა: დამსწრეების დაყაჩაღება, მასიური ჩხუბი, ბანკომატების გაძარცვა, ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული შენობების დანგრევა, Limp Bizkit-ის კონცერტზე მოხდა ჯგუფური გაუპატიურება. 1999 წლის ვუდსტოკზე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, საბედნიეროდ ფესტივალზე არავინ გარდაცვლილა. 

ალტამონტის ტრაგედია

1969 წლის 6 დეკემბერს ჯგუფმა Rolling Stones ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა – სან-ფრანცისკოში, ალტამონტის ტრასასთან უფასო კონცერტის გამართვა გადაწყვიტა და ღონისძიების დასაცავად ბაიკერების ბანდა Hell's Angels დაიქირავა, რომელმაც ანაზღაურების ნაცვლად $500-ის ღირებულების ლუდი მიიღო. კონცერტზე 300 000 ადამიანი მივიდა, ნასვამი კრიმინალებით დაკომპლექტებული დაცვა წესრიგის დასამყარებლად ფიზიკური ძალის გამოყენებას არ ერიდებოდა. კონცერტის მსვლელობისას ერთ-ერთმა ბაიკერმა 18 წლის მერედით ჰანთერი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მკვლელობა ფირზეა აღბეჭდილი, კადრები მოგვიანებით დოკუმენტურ ფილმში Gimme Shelter არის გამოყენებული.  

Pearl Jam-ის კონცერტი

2000 წელს დანიის ქალაქ როსკილდეში როკ ფესტივალი გაიმართა, რომლის ჰედლაინერი ამერიკული გრანჟ ბენდი Pearl Jam იყო. ჯგუფის გამოსვლას 100 000 მსმენელი დაესწრო. ფანები სცენას მიაწყდნენ, დაიწყო ჭყლეტა. ბენდმა კონცერტი შეაჩერა, ხოლო ფრონტმენმა აუდიტორიას ამ სიტყვებით მიმართა: "უახლოეს ხუთ წუთში რაც მოხდება, მუსიკასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ თქვენი მეგობარი ვარ და გთხოვთ უკან დაიხიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩები. სამამდე დავითვლი და ყველამ ერთად სამი ნაბიჯით უკან დაიხიეთ". მსმენელებმა მუსიკოსს დაუჯერეს, უკან დახევის შემდეგ, სცენის მახლობლად რამდენიმე მეტრის დიამეტრის, სხეულებით სავსე ორმო გამოჩნდა. როკ ბენდის კონცერტზე გარდაიცვალა 8 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

Damageplan-ის კონცერტი

Damageplan ამერიკული ჰევი მეტალ ბენდია, რომელმაც კონცერტზე მომხდარი საშინელი ინციდენტის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. 2004 წელს კოლამბუსში ჯგუფმა ერთადერთი ალბომის მხარდამჭერი ღონისძიება ჩაატარა. სცენაზე ყოფილი სამხედრო, ნათან გეილი ამოვიდა და Damageplan-ის გიტარისტს(Panthera-ს ყოფილი გიტარისტი) დაიმბეგ დარელს თავში რამდენჯერმე ესროლა. დარელის გარდა იმ დღეს კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა, - დაცვის უფროსი, რომელმაც თავდამსხმელის განიარაღება სცადა, სამი მსმენელი, თავად გეილი ადგილზე მოსულმა პოლიციელმა მოკლა. ბენდმა ტრაგედიის შემდეგ დაიშალა.

ტერაქტი არიანა გრანდეს კონცერტზე

2017 წლის 22 მაისს, მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 22 და დაშავდა 800 ადამიანი. ორი კვირის შემდეგ მომღერალმა მანჩესტერში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა Black Eyed Peas-მა, მაკ მილერმა და მაილი საირუსმა მიიღეს. შემოსული თანხა დაშავებული ადამიანების ოჯახებს მოხმარდა.

The Who-ს კონცერტი

1979 წელს The Who-მ ცინცინატიში კონცერტი ჩაატარა, რომელსაც 18 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა. რამდენიმე ათასი მსმენელი რივერფრონტის სტადიონთან შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოვიდა. ბენდი ამ დროს სცენაზე ე.წ. საუნდჩექს აკეთებდა. სტადიონთან შეკრებილმა ბრბომ ჩათვალა, რომ წარმოდგენა დაიწყო და სცენისკენ სწრაფად დაიძრა, წარმოქმნილ ჭყლეტას 11 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.

Love Parade 2010

ელექტრონული საცეკვაო მუსიკის პოპულარულ ფესტივალს 2010 წელს გერმანიის ქალაქი დუისბერგი მასპინძლობდა. ღონისძიება 200 000 ადამიანზე იყო გათვლილი, თუმცა ადგილზე 1.4 მსმენელი მივიდა. უზარმაზარ ტერიტორიაზე შესვლა, რომელზეც ათობით სცენა იყო განლაგებული, ვიწრო გვირაბით იყო შესაძლებელი. გვირაბში მომხდარი ჭყლეტისას გარდაიცვალა 21 და დაშავდა ასობით ადამიანი. Love Parade მას შემდეგ არ ჩატარებულა.

ხანძარი Beverly Hills Supper Club-ში

1977 წლის 28 მაისს, კენტაკის შტატის ქალაქ საუთგეითში, ღამის კლუბში Beverly Hills Supper Club ხანძარი მოხდა. 600 ადამიანზე გათვლილ კლუბში იმ საღამოს 3000 ადამიანი ესწრებოდა. შენობის ნაწილს ცეცხლი წაეკიდა, გასასვლელები ხალხმრავლობის გამო გადაიტვირთა. შუაღამისას კლუბის სახურავი ჩამოინგრა, მეხანძრეების თქმით საბოლოოდ ცეცხლის ჩაქრობას ორი სრული დღე დასჭირდა. ინციდენტს 165 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სროლა ლას-ვეგასში

2017 წელს ლას-ვეგასში ქანთრი მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ჯეისონ ოლდინის გამოსვლის დროს, სასტუმრო Mandalay Bay-ს 32-ე სართულიდან 64 წლის სტივენ პედოკმა, სცენის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. კონცერტზე იმ მომენტში 22 000 ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელი თითქმის ერთი საათის განმავლობაში 1000-ზე მეტი ვაზნა გაისროლა. სასტუმროში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა, პედოკმა ერთი სპეცრაზმელი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი პისტოლეტით თავი მოიკლა. სასტუმროში 23 სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. 

Great White-ს კონცერტი

2003 წელს ჰარდ როკ ბენდმა Great White ნიუ-იორკის დახურულ კლუბში პიროტექნიკა გამოიყენა, რასაც ხანძარი მოჰყვა. შოუს სულ 400 ადამიანი ესწრებოდა, აქედან 250 დაშავდა და ასამდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ჯგუფის გიტარისტი ტაი ლონგლი. Great White-ის ტურის მენეჯერი და კლუბის მეპატრონეები დახურულ სივრცეში სახიფათო პიროტექნიკის გამოყენების გამო გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

კომენტარები