რელიგიური შეუწყნარებლობა

თაქთაქიშვილი: საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დისკრიმინაციას

დღეს, 28 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელმაც განათლების სისტემაში მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიები მიანიჭა. კენჭისყრის პროცესში, უმცირესობის მხოლოდ მცირე ნაწილმა არ დაუჭირა მხარი ზვიად ძიძიგურის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. მიღებულ კანონთან დაკავშირებით ტაბულა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, ჩიორა თაქთაქიშვილს ესაუბრა.

თაქთაქიშვილის თქმით, "საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დისკრიმინაციული კანონის მიღებას, რომელიც ანიჭებს პრივილეგიას ერთადერთ საეკლესიო ინსტიტუტს, კერძოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას, დააფუძნოს მისი შეხედულებისამებრ საღვთისმეტყველო სასწავლებლები და აღიარებულ იქნეს ამ სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს უმაღლესი სასწავლებელი არ საქმიანობს იგივე წესების და პირობების დაცვით, რა პირობებიც ჩვენს ქვეყანაში დადგენილია უმაღლესი სასწავლებლებისთვის. აქ იგულისხმება, მაგალითად, რომ შესაბამისობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბოლონიის პროცესთან, ხარისხის მართვის თვალსაზრისით. ანუ აკრედიტაცია და ავტორიზაცია, ეს არის კრიტერიუმი, რომ კონკრეტულi სასწავლებლის პროგრამა და საქმიანობა შეესაბამება აღიარებულ მოთხოვნებს ხარისხთან დაკავშირებით. ამ კანონის მიხედვით კი არ არის სავალდებულო, მაგალითად, რომ ხარისხი ჰქონდეთ დაცული იმ პიროვნებებს, რომლებიც შევლენ კონკრეტულ სასწავლებლებში და ექნებათ პროფესორის სტატუსი".

თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ კანონში შევიდა მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც გაუმართლებელ პრივილეგიას აძლევს ერთი რელიგიური დაწესებულების მიერ დაარსებულ საგანმანათლებლო სასწავლებელს უმაღლესი განათლების სფეროში და პარალელურად იმავე პრივილეგიით არ სარგებლობენ სხვა კონფესიების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

"აქამდე საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა სასულიერო განათლებას, მათ შორის, უმაღლეს განათლებას. როდესაც საღვთისმეტყველო სწავლება ხორციელდება, მას შეიძლება ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული თავისებურებები და ამ თავისებურებების გათვალისწინება რა თქმა უნდა აუცილებელია, აკრედიტაციის თუ ავტორიზაციის პროცესში. ამიტომ არსებობდა კანონში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესი იყო გათვალისწინებული საღვთისმეტყველო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ამ შემოთავაზებული ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, ის რომ შემოაქვს კონკრეტული პრივილეგიები მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლებისთვის", - აღნიშნავს თაქთაქიშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი შეთანხმება, რასაც უმცირესობამ მიაღწია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, იყო ის, რომ სხვა კონფესიების უმაღლესი სასწავლებლების მდგომარეობა არ გაუარესდა და კანონში აღარ შევიდა ის ცვლილება, რომელიც აუარესებდა არსებულ მდგომარეობას დისკრიმინაციულობის თვალსაზრისით.

"ჩვენი ინიციატივა კანონპროექტის განხილვის დროს ითვალისწინებდა იმას, რომ შემოგვეტანა დამატებითი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ყველა ის პრივილეგია, რომელიც შემოთავაზებული ინიციატივით არის გათვალისწინებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გავრცელებულიყო სხვა კონფესიების მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც. ეს არ იქნებოდა თავისთავად სრულყოფილი გამოსავალი, რადგან ვფიქრობ, ის შეღავათები რაც არის გათვალისწინებული, ზოგადად, ხელს არ უწყობს ხარისხიანი უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, საღვთისმეტყველო განათლების დარგში. მაგალითად, ის, რომ ადამიანს თავად არ აქვს აკადემიური ხარისხი დაცული და დოქტორის აკადემიურ ხარისხს სხვას ანიჭებს, გაუმართლებელია ნებისმიერი თავისებურების მქონე სასწავლებლის მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთი ჩანაწერის დამატება ჩვენ დაგვაზღვევდა იმისგან, რომ ცალსახად დისკრიმინაციული კანონი არ მიგვეღო. სამწუხაროდ, კანონპროექტის ინიციატორებმა, მთავრობამ, კატეგორიული უარი განაცხადეს ამ ჩანაწერის ჩაწერაზე. ჩემთვის გაუგებარია ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, კანონმდებლობის ინიციატორების სურვილი იყო მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გარკვეული უფლებები მინიჭებულიყო, მაგრამ გაუგებარი იყო და არ იქნა არავითარი არგუმენტები წარმოდგენილი, რატომ არ სურდათ მათ იგივე შეღავათები დაწესებულიყო სხვა კონფესიების მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ", - აცხადებს თაქთაქიშვილი.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამის დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის გარეშე. მაგალითად, სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტთან, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კათოლიკე ეკლესიასთან. ამ სასწავლებელს არასდროს მოუთხოვია არავითარი განსაკუთრებული პრივილეგია, ის აქამდეც ექვემდებარებოდა განათლების ჩვეულებრივ რეჟიმს, მაგრამ არავინ არ შეჰკითხვია მათ, ექნებოდათ თუ არა სურვილი ესარგებლათ იმავე შეღავათებით, რა შეღავათითაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიური ინსტიტუტი.

"ამ კანონპროექტით ირღვევა ერთიანი ეროვნული გამოცდების თანაბარი გავრცელების პრინციპიც ყველა აბიტურიენტისთვის. ის აბიტურიენტი, რომელიც გადაწყვეტს ჩაირიცხოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებელში, გაივლის მნიშვნელოვანწილად გამარტივებულ გამოცდას უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად, ხოლო ის აბიტურიენტი, რომელიც გადაწყვეტს ჩაირიცხოს ან კათოლიკე ეკლესიის ან რომელიმე სხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ მოუწევთ განსხვავებული ტიპის გამოცდის ჩაბარება. ანუ უფრო რთული გამოცდის ჩაბარება. მაგისტრატურაში ჩასაბარებლად საჭირო არის გამოცდის გავლა, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად არ არის საჭირო საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლა. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლებელში აუცილებელი არ არის, პროფესორს ჰქონდეს აკადემიური ხარისხი, ამ შემთხვევაში აქ ეს საჭირო არ არის. მთელი რიგი დებულებები სახელმწიფოს მიერ დაწესებული, რომელიც გამომდინარეობს ბოლონიის პროცესიდან და გულისხმობს უმაღლესი განათლების სასწავლო პროცესის რეგულირებას, არ ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილ უმაღლეს სასწავლებელზე. ანუ ეს სფერო მთლიანად არის ამოვარდნილი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო სისტემიდან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შემოდის კონკრეტული მუხლი, რომლითაც სახელმწიფო უპირობოდ აღიარებს ნებისმიერ აკადემიურ ხარისხსა და დიპლომს, რომელსაც გასცემს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილი უმაღლესი სასწავლებელი. ამაში კი იგულისხმება, მაგალითად, დოქტორანტურაც. კანონმდებლობით დოქტორანტურის განხორციელების შესაძლებლობა არცერთ უმაღლეს სასწავლებელს არ აქვს, რომელსაც გაუვლა აკრედიტაცია. ამ შემთხვევაში კონკრეტული დებულება შემოდის, რომლითაც სავალდებულო არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილი უმაღლესი სასწავლებლისთვის შესაბამისი აკრედიტაცია იმისთვის, რომ მან გახსნას დოქტორანტურის პროგრამა. ანუ ჩვენ მივიღებთ განუსაზღვრელი რაოდენობით აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს, ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის დონეზე, რომელთა გაცემის უფლებაც აქვთ ბოლონიის პროცესის ქვეყნებს, მაგრამ რომლებიც თავისი ხარისხიდან გამომდინარე, არ შეესაბამებიან ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მათი ინიციატივით, მეორე მოსმენისთვის ასევე ამოიღეს სახელმწიფო გრანტების გაცემა საპატრიარქოს სასწავლებლების სტუდენტებისთვის და ჩაიდო ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება იმავე სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შემდეგ, აღარ არსებობს საფრთხე, რომ საპატრიარქოს გავლენა გავრცელდება სხვა რელიგიური ჯგუფების მიერ დაარსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. 

კომენტარები