ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომელებმა ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად კახაბერ ტბილისკი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ძებნილი საქართველოში მოსკოვი-ბათუმის რეისით გუშინ ჩამოვიდა და ის საპასპორტო კონტროლის დროს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, კახაბერ ო. სამართალდამცველების მიერ 1998 წლიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) მე-7 პუნქტით და 152-ე (ყაჩაღობა) მუხლის მე-2 ნაწილის 1,4,5 პუნქტებით იძებნებოდა.
''1997 წლის 30 ივნისს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, კახაბერ ო.-მ, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, პ.ბაგრატიონის ქუჩაზე ვიტალი ნადირაძის ბინა დააყაჩაღა. დამნაშავეებმა დაზარალებულის სახლიდან 22 დასახელების აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ტანსაცმელი გაიტაცეს. ყაჩაღობიდან ორ თვეში, კახაბერ ო., კრიმინალური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ბახმაროს ქუჩაზე, ყაჩაღობის მიზნით, კუჩხალიდისების ბინაში შეიჭრა, რა დროსაც, მისმა თანამზრახველმა ბინაში მყოფ უშიშროების სამსახურის ოფიცერს „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კახაბერ ო. პასუხისგებაში 1998 წელს, დაუსწრებლად მიეცა. ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა და არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





