რელიგიური შეუწყნარებლობა

თეა წულუკიანი: ვიქნებით რელიგიური დიალოგის გამაადვილებლები

თბილისის კათოლიკურ კათედრალში, საშობაო ღვთისმსახურების შემდეგ თეა წულუკიანმა ტაბულას კითხვას:

”კათოლიკე ეკლესია უკვე წლებია მოითხოვს მათთვის ისტორიულად კუთვნილი ხუთი ტაძრის დაბრუნებას, რას აპირებს სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად?” - უპასუხა:

”ჩვენი მთავრობა აპირებს რელიგიათშორისი დიალოგის გაადვილებას, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიტიური ვალდებულებები და მე მინდა მთავრობის სახელით ვთქვა, რომ ჩვენს პოზიტიურ მოვალეობას შევასრულებთ და ვიქნებით რელიგიური დიალოგის გამაადვილებლები. იქ სადაც იქნება საკანონმდებლო ცვლილება საჭირო, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორებიც. მთავარია რელიგიურ უმცირესობებსა და რელიგიურ უმრავლესობებს შორის შედგეს დიალოგი და სახელმწიფო ამ დიალოგში იყოს გამმარტივებელი ფაქტორი”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ჩაკითხვაზე, - როცა საკუთრების უფლებას ეხება საქმე, როგორ უნდა გადაჭრას სახელმწიფომ დიალოგის გზით პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდა უკვე მეორე ათწლეულია, თეა წულუკიანმა განაცხადა: ”ეს არის პრობლემა... აბა, დაპირისპირების გზით არ წყდება პრობლემა”.

ყოვლადწმინდა მარიამის ზეცად ამაღლების კათოლიკურ კათედრალში, საშობაო ღვთისმსახურებას დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი გიგი უგულავა, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ვანო მერაბიშვილი დაესწრნენ. ქრისტიანული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურების მიმდინარეობისას, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კათედრასთან მიიწვია როგორც იუსტიციის მინისტრი, ისე თბილისის მერი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კათოლიკე მრევლს შობა მიულოცეს და ხაზი გაუსვეს მათი უფლებების დაცვის აუცილებლობას.

ამ თემაზე იხილეთ ბმული: ახალი ხელისუფლება – ძველი კათოლიკური ტაძრები

 

კომენტარები