რელიგიური შეუწყნარებლობა

აშშ-ის ელჩი: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ღვთისმსახურებაში მონაწილეობის უფლება

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ წინწყაროში, მსურს ადგილობრივ მოსახლეობას მივულოცო, რომ შეთანხმება მიღწეულია და მისასალმებელია, რომ ეს შეთანხმება შედგა მუსლიმებს და არამუსლიმებს შორის. ჩემთვის, როგორც ამერიკის მოქალაქისთვის, აქ ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-სთვის რელიგიური თავისუფლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა წინწყაროს მუსლიმურ სამლოცველოში, ადგილობრივ რელიგიურ უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ.

ელჩის თქმით: „მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ წინწყაროში, რელიგიური დაპირისპირება მოხდა ნიგვზიანშიც, ეს ფაქტი იწვევს შეშფოთებას და ის, რომ ოცი წლის წინ, როცა მე საქართველოში ვიმყოფებოდი, გარკვეულ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, "საქართველო ქართველებისთვის" - ამან შეიძლება სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანოს და ძალადობას გაუხსნას გზა“.

ნორლანდის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი ადამიანის უფლება და თავისუფლება, მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალში.

„უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი ადამიანის უფლება მისი რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. დღევანდელი უმრავლესობა ხვალ შეიძლება უმცირესობად გადაიქცეს და ამ თემისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია, რათა თითოეული ადამიანის უფლება, იფიქროს თავისუფლად, ისაუბროს თავისუფლად და ისარგებლოს თავშეყრის უფლებით, იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი. ჩვენ ვულოცავთ მოსახლეობას ამ შეთანხმების მიღწევას, რაც შესაძლებელი გახდა მთავრობის, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივების მონაწილეობით“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

დღეს მუსლიმებს ტრადიციული ლოცვის აღსრულებისას ხელი აღარ შეშლიათ, რაც ერთი თვის განმავლობაში ყოველ კვირა მეორდებოდა. ადგილობრივი არამუსლიმები, მუსლიმთა ღვთისმსახურებას აპროტესტებდნენ, ისმოდა მუქარა და ძალადობისკენ მოწოდებებიც.

შეთანხმების მიხედვით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ადგილობრივი ეპისკოპოსის, ანანია ჯაფარიძის თაოსნობით შედგა, არაწინწყაროელი მუსლიმი სოფლის სალოცავში ვეღარ ილოცებს. კითხვაზე, არის თუ არა ეს შეთანხმება მუსლიმთა გადაადგილების თავისუფლების ხელყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ დასჯილა არცერთი დამნაშავე - მუსლიმები დუმან.

 

კომენტარები