ქადაგება

ქორეპისკოპოსი იაკობი სამების ამბიონიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს

დღეს სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ნაცვლად მისმა ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წირა. მან ქადაგებისას ღია პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. თავად პატრიარქი ილია მეორე ჩეხეთში სამკურნალო კურსს გადის.

Timer.ge-ს ცნობით, ქორეპისკოპოსის ამბობს, რომ "საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ქვეყანა თავის ახირებებით უფსკრულთან მიიყვანეს მონანიებას ელოდება". თუმცა როგორც მღვდელმთავარი ამბობს, საპირისპირო ხდება:

"პირიქით გვესმის თუ რა ვაჟკაცები არიან. თუმცა პიჯაკს, რომ ჩაიცვამ, ცივილიზებულ ადამიანს დაემსგავსები და პრეზიდენტებს შეხვდები არ ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში დემოკრატიაა. მთავარი შემფასებელი შენი ხალხია"- ამბობს პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი.

მეუფე იაკობი მიიჩნევს რომ ბოლო პერიოდში დაპატიმრებულებს სამაგიერო მიეზღოთ ათიათასობით გაუბედურებულისთვის, მას ციხისთვის არავინ ემეტება, თუმცა, "აუციებელია რამდენიმე კაცმა თავისი შეცდომა აღიაროს. ღვთისა და ერის წინაშე მოინანიოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ სინანულისკენ"- განაცხადა მეუფე იაკობმა .

კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ დიქტატურასა და ტოტალიტარიზმს ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უარი უთხრა და დღეს ის დემოკრატიას აშენებს. "მათ რაც არ უნდა მიაკითხონ უცხოელებს ქართველი საზოგადოება მონაპოვარს აღარასდროს დათმობს და მე მჯერა, რომ ჩვენში ძლიერი და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნება"- თქვა მეუფე იაკობმა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მეუფის ქადაგების სხვა ციტატებსაც ავრცელებს, ქორეპისკოპოსის თქმით "ის პოლიტიკა, რომელსაც წინა ხელისუფლება ეწეოდა, არის ერის გენოციდი". მღვდელმთავარი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ციხეში უმეტესად ახალგაზრდობა, ნაცემი და ნაგვემი ზის, "დგანან და ამართლებენ სისტემას. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ვინმე დააპატიმრონ ან დასაჯონ. განა სულ რამდენი ადამიანი იყო იდეოლოგი და ბრძანების გამცემი?! ერთხელ მაინც გამოიჩინონ ვაჟკაცობა, აღიარონ თავიანთი ბრალი და სხვები მაინც დაიცვან. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენი ერი დიქტატურის პირობებში ან რამდენიმე კაცის ჭკუაზე ცხოვრობდეს. ერს თავისი იდეოლოგია უნდა ჰქონდეს და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ქვეყანას ვაშენებთ. ჩვენი ყველაზე ახლო სივრცეა ევროპული სივრცე და მისკენ სწრაფვაში ხელს ვერავინ შეგვიშლის", - თქვა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 

კომენტარები