სახელმწიფო ბიუჯეტი

პენსიის ფულადი კომპონენტი გაიზრდება

ახალმა მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი კი წარადგინა, მაგრამ არსებულ პროექტში ახალი მთავრობის დაპირებების შესრულების გეგმა გაწერილი არ არის. რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პირობა დადო, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტში დეტალური გეგმა აუცილებლად იქნება.

ყველაზე კონკრეტული ციფრი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის წარდგენისას ახსენა, პენსიის ფულადი კომპონენტია: მომავალი წლიდან ყველა ასაკით პენსიონერი დაახლოებით 150 ლარამდე პენსიას მიიღებს. მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე, პენსიის ფულადი კომპონენტი დღეს დადგენილ საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება, ხოლო მოგვიანებით, თავად ეს მინიმუმი რეალურ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ამასთან, ასაკობრივი დიფერენციაცია გაუქმდება და მომატებული პენსიით ყველა თანაბრად ისარგებლებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 682 ათასი რეგისტრირებული ასაკით პენსიონერია. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, პენსიების ზრდას 240 მილიონი ლარი დასჭირდება.

კომენტარები