ფინანსთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით სრულდება.
სამინისტრო გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა, რის შესახებაც ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშში ვკითხულობთ.
"უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა, გადასახადების ზოგიერთ სახეობაში, ფაქტობრივი მაჩვენებლის საპროგნოზო მაჩვენებელთან ჩამორჩენის მიუხედავად, 2025 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1% იყო. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 6.1 მილიარდი ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე (6.0 მილიარდი ლარი) 118 მილიონი ლარით მეტია და 102.0%-ს შეადგენს.
გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა. კერძოდ, იანვარ-მარტში მიღებულმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5.6 მილიარდი ლარი) 102.1% - 5.7 მილიარდი ლარი. მათ შორის, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენდა 5.3 მილიარდ ლარს, ხოლო ფაქტი 5.4 მილიარდი ლარია, რაც გეგმის 102.3%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობების ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 100.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ნაშთებზე განთავსებული იყო შესაბამისად, 1.7 მილიარდი და 0.7 მილიარდი ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არა თუ ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არ აქვს არავითარი პრობლემა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე და სპეკულაცია" - წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია - საპროგნოზო მოცულობის 87.6%. მას მოსდევს იმპორტის გადასახადი, სადაც მიღებული შემოსავალი საპროგნოზო გეგმის 89.5%–ია.





