ლიტვა

მმართველი კონსერვატიული პარტია არჩევნებზე დამარცხდა

ალგირდას ბუტკევიუსი

ალგირდას ბუტკევიუსი
ოქტომბერს ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ეტაპი გაიმართა. როგორც პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობდნენ, მმართველი კოალიცია დამარცხდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების დაახლოებით 94%-ის დათვლის შემდეგ, არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა (20%). მეორე ადგილზე ხმების 18%-ით სოციალ-დემოკრატები გავიდნენ. შემდეგი ორი ადგილი მმართველმა კოალიციამ, ქრისტიან დემოკრატების ეროვნულმა კავშირმა (15%) და ლიბერალურმა მოძრაობამ (8%), დაიკავა. პარლამენტში ასევე მოხვდნენ Way of Courage (8%), წესრიგისა და სამართლიანობის პარტია (7%) და ლიტველი პოლონელების საარჩევნო აქცია (6%). არჩევნების საბოლოო შედეგი 28 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პარლამენტის წევრებს უკვე მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრა 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა. ისევე, როგორც ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ლიტვამ კრიზისთან საბრძოლველად ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აირჩია. ვილნიუსის კონსერვატიული მთავრობა ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც ამ კურსის გატარება დაიწყო. ამის შედეგად, საბიუჯეტო დეფიციტის 3%-იანი ზღვარის შენარჩუნება მოხერხდა, რის გამოც ტროიკამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურობით, ანდრიუს კუბილიუსის მთავრობა არაერთხელ შეაქო და მას ევროპაში ფისკალური პოლიტიკის ლიდერი უწოდა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ლიტველი ექსპერტი წერს, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ცხოვრობს ლიტვაში, არაა ლიტვური ხელფასის იმედზე... არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი”.

ამომრჩეველი კი ხელისუფლებაზეა გაბრაზებული და ხმას იმ პარტიას აძლევს, რომელიც პოპულისტურ დაპირებებს იძლევა. მტკივნეულმა რეფორმებმა, რომლებიც კუბილიუსის მთავრობამ გაატარა, მოსახლეობის რადიკალიზება გამოიწვია. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში საჯარო დანახარჯები შემცირდა 30%-ით, პენსიები კი – 11%-ით. საშემოსავლო გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა, დამატებითი ღირებულების გადასახადი – 18%-დან 21%-მდე. მართალია, 2012 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8%-ს მიაღწია, მაგრამ მოქალაქეთა უმრავლესობას ეს არ უგრძვნია. კვლავ მაღალი რჩება უმუშევრობის დონე – 13%.

რთული არაა ამომრჩეველთა მოტივაციის გაგება – მიუხედავად შექმნილი მძიმე ვითარებისა, რის მთავარ მიზეზადაც საზოგადოება კუბილიუსის მთავრობის ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიიჩნევს, ხელისუფლებას არ „ესმის” მოსახლეობის და მიჰყვება ტროიკას მიერ მოწონებულ მკაცრ პოლიტიკას. მეტიც, 2014 წლისთვის ევროზონაში შესვლაც იგეგმება, მაშინ როცა ევროზონა კრიზისს განიცდის.

სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში ლეიბორისტული და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები. ისინი მოსახლეობას სოციალური დანახარჯების გაზრდას, უმუშევრობის შემცირებას და „ევროზე დროებითი უარის” თქმას ჰპირდებოდნენ.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ალგირდას ბუტკევიუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოციალური დანახარჯების გაზრდას, პირველ ეტაპზე, შესაძლოა, საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა მოჰყვეს, თუმცა, მისთვის ეს სრულიად ლოგიკური პროცესია.

ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გარდა, ამომრჩევლებმა ასევე უარი თქვეს კუბილიუსის მთავრობის პოლიტიკური კურსის მეორე

ანდრიუს კუბილიუსი
მთავარ მიმართულებაზე – ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. რეფერენდუმზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილთან ერთად ტარდებოდა, ამომრჩეველთა 62%-მა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა.

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მთავარი მიზანი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება იყო. ევროკავშირის წევრებიდან ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით ლიტვა პირველ ადგილზეა (60%). ის 100%-ითაა დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ვიქტორ უსპასკიხმა თავის გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგური არ აშენდება, რადგან ძვირადღირებული პროექტია – „უმჯობესია, ეს ფული სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს”.

ახალი მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა საბოლოოდ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, როცა გაირკვევა დანარჩენი 71 დეპუტატის ვინაობა. სულ სეიმში 141 დეპუტატია.

კომენტარები