არჩევნები 2012

რიჩარდ ნორლანდი: ხელისუფლების ცვლის პროცესი მშვიდობიანად უნდა დასრულდეს

დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა და ეს პროცესი მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე განაცხადა. შეერთებული შტატების ელჩის თქმით, იგი აღნიშნულ აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

"ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, მაგრამ პროცესი სრულად არ დასრულებულა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საოლქო საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას, რომ დადგინდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო ეს კვირა, ასევე დასრულდეს.” - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, მნიშნელოვანია, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული დავა სამართლებრივად განიხილონ. აგრეთვე, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა შიშისგან თავისუფალ გარემოში გააგრძელონ მუშაობა.

ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან არჩევნების გაყალბებას და საარჩევნო კომისიის შედეგებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ზუგდიდში არჩევნები როლანდ ახალაიას სასარგებლოდ გაყალბდა.

 

კომენტარები