არჩევნები 2012

აშშ-ის სენატორებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს

აშშ-ის სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურნენ. სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სანდოდ და კონკურენტულად შეაფასეს, საქართველოს პროგრესის სრული დადასტურებაა პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმიდან დასავლური დემოკრატიის მიმართულებით.

"გასული ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს რეფორმისტი მთავრობის მიერ სახელმწიფოში გატარებული გარდაქმნები მსოფლიოსთვის სამაგალითო იყო. ისინი მოიცავდა წარმატებას ერთ დროს ფართოდ გავრცელებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ცხოვრებისეული სტანდარტების ამაღლებას და დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს მიერ დამსახურებული ადგილის დასაკავებლად არჩეულ კურსს.” - აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.

აშშ-ის სენატორები ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამარცხების ღირსეულად აღიარებას აღნიშნავენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ახლადარჩეულ ლიდერებს, იყვნენ ისეთივე ღირსეულები გამარჯვებაში, როგორიც მათი ოპონენტები იყვნენ დამარცხების შემდეგ. სენატორები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებების თაობაზე, რომელიც პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომისკენ მოწოდებას ეხება.

"ახალმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონს და არ უნდა გამოიყენონ სახელმწიფო ინსტრუმენტები პოლიტიკური შურისძიებისთვის, უნდა ემსახურონ მთელი ერის ინტერესებს და მისწრაფებებს და იმუშაონ კონსტრუქტიულად ოპოზიციასთან იმისთვის, რომ მათმა ქვეყანამ წინ იაროს. ამ მხრივ შეშფოთებას გამოვთქვამთ სასამართლო პასუხისმგებლობის დაუზუსტებელ მუქარასთან და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მიერ უწესრიგობის და მუქარის ქმედების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.” - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სენატორები აღნიშნავენ, რომ, როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიული კულტურის და ინსტიტუციების განვითარების და გაღრმავების გაგრძელებაზეა დამოკიდებული.

 

კომენტარები