არჩევნები 2012

ელჩები ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კომისიებზე ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურნენ

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ევროკავშირის ელჩებმა კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტების მიერ საარჩევნო კომისიებზე განხორცილებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის ჯუდიტ გოფის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია რთულ გარემოში კარგად მუშაობს. ”კანონიერი ბიუროკრატიული პროცესია, თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდა, არ უნდა ჰქონდეს ადგილი დაშინების და სხვა არაკანონიერი ქმედებების ფაქტებს.” - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გარკვეული პროტესტი და უთანხმოება არსებობს, ეს კანონიერი გზით უნდა იქნეს გამოხატული. ”თუმცა, შედეგების გასაპროტესტებლად, პირველ რიგში, აუცილებელია, ცნობილი იყოს საბოლოო მონაცემები. მნიშვნელოვანია, რომ შედეგების გამოქვეყნებამდე საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება და ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნოს.” - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

ევროკავშირის წარმომადგენლის, ფილიპ დიმიტროვის თქმით, ხალხის გარკვეული რაოდენობა არჩევნების შედეგებს რამდენიმე რეგიონში აპროტესტებს. მისი თქმით, საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა. ”ანალოგიური ვალდებულება აქვთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც, რაც ნიშნავს, რომ კანონს პატივი უნდა სცენ. მნიშვნელოვანია, საპროტესტო აქციების მონაწილეებმა იცოდნენ, რომ ისინი საკუთარ პარტიებს აყენებენ ზიანს. ყველას აქვს უფლება გაასაჩივროს არჩევნების შედეგები, მაგრამ ეს კანონთან შესაბამისობით უნდა მოხდეს.” - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

კომენტარები