არჩევნები 2012

არასამთავრობო ორგანიზაციები საოლქო კომისიებზე ზეწოლის ფაქტებს ეხმაურებიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან პოლიტიკური პარტიების აქტივისტების შეკრებას, რომლებიც ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან.

არასამთავროების განცხადებით, უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

”ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის წითელი ლოგო პარტიის აქტივისის მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან იქნა ასოცირებული.

მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების შედეგების დათვლა და კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებთან შეკრებებისგან, რადგანაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავები მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა წარიმართოს.” - ნათქვამია არასამთავროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა მხარეს მოუწოდებენ, დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ორივე მხარის ადექვატური რეაგირების პირობებში შესაძლებელია საოლქო კომისიებთან სიტუაციის განმუხტვა, აგრეთვე, საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და მიუკერძოებლად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია როგორც კენჭისყრის დღის, ასევე, მისი შემდგომი პერიოდის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

 

კომენტარები