არჩევნები 2012

ცესკო საარჩევნო სუბიექტებს და აქტივისტებს სამართლებრივი ჩარჩოების დაცვისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს და მის აქტივისტებს, დაიცვან სამართლებრივი ჩარჩოები და დაელოდონ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას და გამოქვეყნებას. ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე აქტივისტების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მორიგი აქცია იგეგმება, კომისიისგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. გვინდა, ყველას შევახსენოთ, არჩევნებისთვის მშვიდობიანი და თავისუფალი გარემოს შექმნასთან ერთად, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული და ის რეალობა აესახა, რომელიც ამომრჩევლებმა საკუთარი ნების გამოხატვით დააფიქსირეს.” - აღნიშნა ეკა აზარაშვილმა.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ზეწოლა ხორცილდება თეთრიწყაროს, თერჯოლის, მარნეულის ბოლნისის, ახალციხის, გარდაბნის, ხაშურის, ადიგენის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის საოლქო კომისიების მუშაობაზე.

 

კომენტარები