არჩევნები 2012

უილიამ ჰეიგი: ყველა მხარე ერთობლივად უნდა შეუდგეს ახალ პარლამენტში მუშაობას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე.

”მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული და დაძაბული იყო, ამომრჩეველთა აქტივობა იყო მაღალი და კონკურენცია შესამჩნევი. მე ველოდები, რომ საბოლოო შედეგებში ქართველი ხალხის ნება აისახება.

მივესალმები ეუთო/ოდირ-ის (OSCE/ODHIR) და მათთან დაკავშირებული საპარლამენტო ასამბლეების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას. დიდი ბრიტანეთი, ერთის მხრივ მოხარულია, რომ თავისი წვლილი შეიტანა ამ მისიების მუშაობაში და ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, ამერიკელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, ჰყოლოდა საკუთარი, საკმაოდ დიდი სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით.” - ნათქვამია უილიამ ჰეიგის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დროა, რომ ყველა მხარემ გვერდზე გადადოს მათ შორის არსებული განსხვავებები და ერთობლივად შეუდგეს ახალ პარლამენტში მუშაობას და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს.

”თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჭეშმარიტი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილებია. დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. დემოკრატიული მომავლის განვითარებისა და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საქმეში.” - აღნიშნავს უილიამ ჰეიგი.

 

კომენტარები