არჩევნები 2012

თაქთაქიშვილი: ქართული ოცნება საარჩევნო კომისიების მიმართ დაშინების კამპანიას აწარმოებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები და ასობით აქტივისტი სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დაშინების კამპანიაშია ჩართული. თაქთაქიშვილის თქმით, დაშინების ფაქტები იმ ოლქებში აღინიშნება, სადაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა, კერძოდ თერჯოლაში, ამბროლაურში, ქუთაისში, მარტვილში, ზუგდიდში, სიღნაღში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ხაშურში, ბოლნისში.

”ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან კომისიის წევრებს, აფრთხილებენ, რომ ისინი დაისჯებიან, თუკი დაადასტურებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვებას, რადგან უკვე ისინი აკონტროლებენ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სასამართლოებს. ასობით აქტივისტი მობილიზებულია საოლქო საარჩევნო კომისიების გარეთ, მათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები და მაჟორიტარობის კანდიდატები უდგანან სათავეში.” - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული მონიტორინგი დააწესონ საოლქო კომისიებზე და არ დაუშვან საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართიანი არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია ქართული ოცნების მიერ.

 

კომენტარები