გამოფენა

21-ე საუკუნის მუზეუმი აღმოსავლურ-დასავლურ ჭრილში

თბილისის სამუზეუმო ქუჩა. (გეგმა) 2007

თბილისის სამუზეუმო ქუჩა. (გეგმა) 2007
ცნობილი ურბანისტის, „კრეატიული კლასის” თეორიის ავტორის – რიჩარდ ფლორიდას აზრით, ნებისმიერი რეგიონის თუ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს შემოქმედებითი ელიტა, ბოჰემა, ემიგრანტები, ნაციონალური სიჭრელე და სხვადასხვა სუბკულტურები ასრულებენ. მის წიგნში Who's Your City? ქალაქის ცენტრები, როგორც წესი, მუზეუმებია, რომლებსაც არა მხოლოდ ტურისტული დანიშნულება აქვს, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. 21-ე საუკუნის მუზეუმები, თავისი ფუნქციითა და ფორმით, მნიშვნელოვნად განსხვავდება მე-19 საუკუნის მუზეუმებისაგან, რომლებიც ძირითადად ექსპონატების შეგროვებისთვის, დაცვისა და მათი გამოფენისთვის იყო განკუთვნილი. დღესდღეობით მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალად იქცნენ.

სწორედ 21-ე საუკუნის მუზეუმებზე, მათ ახალ ფუნქციებსა და არქიტექტურაზე ისაუბრებენ ამ კვირაში თბილისში გამართულ კონგრესზე მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების დირექტორები, კურატორები, მენეჯერები, მეცნიერები და სამუზეუმო პროექტებზე მომუშავე არქიტექტორები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 19-22 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. გაიმართება მსოფლიოში ისეთი წარმატებული პროექტების პრეზენტაცია, როგორებიცაა –

შეყვარებულები. ირანი
ბერლინის მუზეუმების კუნძული, ლუვრის, ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმისა თუ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის თანამედროვე ტენდენციები.

თბილისი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ კონგრესისთვის შეირჩა როგორც მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეს პოსტსაბჭოთა მუზეუმი ნოვატორულ, შემოქმედებით, ქალაქის სოციალურ ქსელში ბუნებრივად ჩართულ ინსტიტუციად. საერთაშორისო კონფერენციის სტუმრები ორ გამოფენას ნახავენ, რომლებიც მუზეუმში 17 სექტემბერს გაიხსნება – „სამუზეუმო კუნძული ბერლინში და სამუზეუმო ქუჩა თბილისში” და საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების საუკეთესო ნიმუშების გამოფენა.

„სამუზეუმო კუნძული” გოეთეს ინსტიტუტის, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, პრუსიის მემკვიდრეობის ფონდისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერაა ორგანიზებული. ის ბერლინის მუზეუმების კუნძულის მაგალითზე თბილისის სამუზეუმო უბნის – გუდიაშვილის ქუჩის და რუსთაველის გამზირის – მომავალ პერსპექტივებსა და ურბანული ქსელის განვითარებაზე შეუქმნის დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენას. გამოფენაზე ფრანგი არქიტექტორის – ჟან ფრანსუა მილუს

შეყვარებულნი. ირანი
სამუზეუმო ქუჩის პროექტთან ერთად წარმოდგენილი იქნება 70-იან წლებში ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ ქურთიშვილის მიერ შექმნილი გუდიაშვილის ქუჩის ესკიზებიც.

რაც შეეხება აღმოსავლური კოლექციების გამოფენას, გარდა იმისა, რომ ამ მდიდრული ექსპოზიციით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გარკვეული რეპრეზენტაცია მოხდება, თავისთავად ეს გამოფენა ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის – „თვინინგის” ერთ-ერთი დამამთავრებელი ეტაპიცაა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის” პროექტი 2010 წლიდან ამუშავდა და სწორედ მისი საშუალებით განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

„თვინინგის” პროექტის 4 კომპონენტიდან ერთ-ერთი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული

ქსოვილი წმინდა გიორგის გამოსახულებით. ეგვიპტე
აღმოსავლური კოლექციების ევაკუაციას – მათი ძველი ადგილსამყოფელიდან ახალ, უსაფრთხო გარემოში გადატანას ითვალისწინებდა. „თვინინგის” ფარგლებში, სულ რაღაც 2 წელიწადში, მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოსავლური კოლექციების 5000 ექსპონატის ევაკუაცია და ახალ საცავებში მათი დარგობრივი პრინციპით განთავსება განახორციელეს.

კოლექციის საუკეთესო ნაწილი კი გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი: ცნობილი ირანელი ოსტატის, ქალბალი იბნ ასადულაჰის მიერ დამზადებული ხმალი, რომელიც ნადირ შაჰმა ერეკლე მეორეს უბოძა – დამასკოს ფოლადის პირით, სპილოს ძვლით და ვერცხლის ფირფიტებით შემკული ოქროს ზარნაშით; სპეციალურად ირანის სამეფო კარისთვის დამზადებული სელადინის და ფაიფურისაგან დამზადებული უნიკალური ორი ლარნაკი, რომელიც შაჰ აბას პირველს

ქალი. იაპონია
შეუწირავს თავის დროზე არდებილის ირანული საკულტო კომპლექსისთვის; უნიკალური იაპონური ლარნაკები რომანოვების ლიკანის საზაფხულო რეზიდენციიდან; ეგვიპტური ქალღმერთ მუთის ქურუმი ქალის მუმია და მოხატული სარკოფაგი; ხელნაწერი წიგნებიდან უნიკალური თავფურცელი მუჰამედის ცად ამაღლების სცენით; იაპონური ედოს პერიოდის დეკორატიული თეფში სამურაების კლანების განუწყვეტელი ბრძოლების ამსახველი ისტორიული ეპიზოდებით და სხვა.

რა თქმა უნდა, აქვე იქნება წარმოდგენილი ჩინური ფაიფური, ეგვიპტური ქაშანურის ცისფერი ჭურჭელი, უძველესი იაპონური აბრეშუმი, კოპტური ქსოვილები, უნიკალური ისლამური ლითონის ექსპონატები ცნობილი ფოტოგრაფისა და მეცენატის – ალ. როინაშვილის კოლექციიდან და, რაც მთავარია, გვიანირანული ყაჯართა ეპოქის მხატვრობა (30-მდე დაზგური ფერწერის ნიმუში), რომელმაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლურ კოლექციებს სამეცნიერო წრეებში გაუთქვა სახელი.

 

კომენტარები