გამოფენა

ვერა ფაღავა – ემიგრაციაში შექმნილი ნახატების წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე

ვერა ფაღავა

დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ვერა ფაღავა, ლადო გუდიაშვილი 1925წ. პარიზი
წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე – ასე ჰქვია 1988 წელს პარიზში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი მხატვრის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფერწერული ნამუშევრების გამოფენას, რომელსაც 14 სექტემბრიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს.

ვერა ფაღავა საფრანგეთში ოჯახთან ერთად, 1919 წელს ჩავიდა. ხატვა პარიზში, რონსონის აკადემიაში, ფრანგ პედაგოგთან როჟე ბისიესთან და რუს ნიკოლაი ვარკერთან ისწავლა. ფრანგულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1943 წელს გაიცნო, როდესაც მისი ნახატები ჟან ბიუშეს ცნობილ გალერეაში, პაბლო პიკასოს ცოლის, დორა მაარის ნამუშევრების გვერდით გამოიფინა. მიუხედავად არაერთ ქვეყანაში გამართული გამოფენისა, მას დღემდე მხოლოდ ხელოვანთა ვიწრო წრეში იცნობენ. აბსტრაქტული ნახატები, რომლებიც სისადავით, ფერთა მკრთალი გამითა და სინათლით ამახსოვრებს თავს დამთვალიერებელს, საქართველოში აქამდე არასდროს უნახავთ და ისინი პარიზიდან ქართველი დამთვალიერებლისთვის ვერა ფაღავას ასოციაციამ ჩამოიტანა.

მხატვრის შესახებ ტაბულა ვერა ფარავას ასოციაციის პრეზიდენტსა და ოჯახის ახლობელს – ელისო ტარასაშვილს ესაუბრა: „დედაჩემი, თამარ წულაძე, ბავშვობიდან იცნობდა ვერას. 1925 წელს პარიზში ჩამოსვლისას, სანამ ოჯახი ბინას იშოვიდა, ისინი სწორედ ფაღავებთან ცხოვრობდნენ. მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, ვერა თამრიკოს მიერ გახსნილ გალერეა დარიალთან თანამშრომლობდა და გარდა ამისა, ძალიან მეგობრობდნენ. დედას ბავშვობაში დავყავდით ხოლმე მასთან, უბრალო და გულჩათხრობილი ადამიანი იყო. ცოტას ლაპარაკობდა და მეგობრების ვიწრო წრე ჰყავდა. სულ შარვალსა და პერანგში იყო გამოწყობილი, ძალიან მოკრძალებულად ეცვა. ეკონომიკურადაც უჭირდა და არც ჰქონდა იმის საშუალება, ამაში ბევრი ფული დაეხარჯა. თავი რომ გაეტანათ, სულ რაღაცას საქმიანობდა: 30-იან წლებში ტექსტილზე მუშაობდა, ხანაც ქსოვდა. 70-იანი წლებიდან თავის რჩენა უკვე საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გაყიდვით დაიწყო, მაგრამ არც ნახატებიდან შემოსული თანხა იყო პარიზში ცხოვრებისთვის საკმარისი”.

კითხვაზე, თუ რითია გამორჩეული ვერა ფაღავას შემოქმედება, ელისო ტარასაშვილმა გვიპასუხა: „თავად ვერას არ უყვარდა საკუთარ ხელოვნებაზე საუბარი და არც მიაჩნდა ეს სწორად. ამბობდა, ნახატი იმისთვისაა შექმნილი, რომ უყურო, ხელოვნებას ბევრი ლაპარაკი არ უნდა, ის თავად ამბობს თავის სათქმელსო. მე კრიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, გამორჩეულია თავისი პირადი სტილით, რომელიც ძალიან ნათელი და საინტერესოა. გარდა ამისა, ვისაც სახლში აქვს ვერას ნამუშევრები, იმ ადამიანებისგან მსმენია, რომ მისი ნახატები დადებითი ენერგიის მატარებელია და მათ გარემოცვაში ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა”.

თავად მხატვარი დიდ ყურადღებას აქცევდა ადამიანის შინაგან ბუნებას. თუ ვინმე არ მოსწონდა, გამორიცხული იყო, მასთან რამე სახის კავშირი დაეჭირა. ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ ფული ძალიან სჭირდებოდა, საკუთარი ნამუშევრის გაყიდვა შეაჩერა: „გალერეაში მისი ნახატის შესაძენად ერთი ადამიანი შემოვიდა, რომელსაც დედა გამოელაპარაკა. ამ დროს ვერა მივიდა და ქართულად უთხრა: „თამრიკო, გაჩერდი, აღარ ვყიდი ამ ნახატს, არ მომწონს ეს კაცი”. დედა უფრო სიცოცხლისუნარიანი და ენაწყლიანი იყო, ის კი ბევრს არ

დიდი ქალაქი. 1959
ლაპარაკობდა და ჩვენც სისულელეს თუ ვიტყოდით, არ გვერიდებოდა და გვაჩუმებდა. თუ ამბობდა, მხოლოდ აზრიანს, ამიტომ, მის სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ფასი”.

მხატვარი პარიზის გარეუბანში, მონრუჟში, დაქირავებულ პატარა სახლში, ბევრი კატისა და ძაღლის გარემოცვაში ცხოვრობდა. იქვე ჰქონდა სახელოსნოც. თავის თავში ჩაკეტილი და მარტოსული ადამიანი იყო, ყველასთან არ უნდოდა და არც აინტერესებდა მეგობრობა. თავისი გარემოცვა ჰყავდა: ფრანგი მხატვრები და რამდენიმე ქართველი, რომლებიც პარიზში ჩამოსვლისას გაიცნო და ბოლომდე შეინარჩუნა მათთან ურთიერთობა.

ქართველი ემიგრანტები, მასთან სტუმრობისას, ქართულ-ფრანგულად საუბრობდნენ, თუმცა ფრანგული არასდროს ყოფილა მისთვის ისეთი ახლობელი, როგორც ქართული, რუსული, ან გერმანული, რომელსაც სკოლაში სწავლობდა. ვერა ფაღავასთვის მშობლიური ენა ქართული იყო და ამას მოწმობს მეგობარ მამაკაცთან, ვანო ენუქიძესთან მიწერილი მისი წერილებიც: „ისინი დაქორწინებულები არ ყოფილან, ვანოც ქართველი ემიგრანტი იყო, 1930 წელს ჩამოვიდა პარიზში. ის ვერაზე ადრე გარდაიცვალა. დიდი მეგობრობა აკავშირებდათ, ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ და ქართულადვე ჰქონდათ მიმოწერა. წერილები ჩვენ გვაქვს, მაგრამ არ ვიცი

ვერა ფაღავა
შიგნით რა წერია, ვფიქრობ, ეს პირადული ხასიათის ნაწერებია და ამიტომ, არ წამიკითხავს”.

ვერა ფაღავას ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში, გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება. მისი 15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაშიც არის დაცული, რომლებიც საცავებშია და საექსპოზიციო სივრცეში ჯერ არ გამოფენილა. თბილისის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვარმა გარდაცვალებამდე გალერეა დარიალს გადასცა და ამჟამად ვერა ფაღავას ასოციაციის საკუთრებაშია. მხატვარმა 1966 წელს საფრანგეთი წარმოადგინა ვენეციის ბიენალეზე, 1958 წელს კი რომის პაპმა მას მსოფლიო გამოფენისთვის შეუკვეთა ნახატი, რომელიც დღეს გალერეა დარიალში ინახება და, ელისო ტარასაშვილის თქმით, ახლო მომავალში ვატიკანისთვის გადაცემას აპირებენ.

თბილისური გამოფენა, რომელზეც მხატვრის 35 ნამუშევარია წარმოდგენილი, 14 ოქტომბრამდე გასტანს. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ბანკი რესპუბლიკა და საფრანგეთის საელჩო.

კომენტარები