გამოფენა

Salone del mobile 2014

წარმატების პირველი ტალღა

2014 წლის ტენდენციები თანამედროვე ავეჯის და ზოგადად ინტერიერის დიზაინის სფეროში, ყოველ აპრილს, მილანის Salone del Mobile-ს მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენაზე იკვეთება. რიგით 53-ე საერთაშორისო გამოფენა, თავისი მასშტაბით, შეუდარებელი აღმოჩნდა, 30%-ით გაიზარდა უცხოელი მონაწილეების რაოდენობა და ახალბედა დიზაინერების რიცხვმა 650-ს მიაღწია, მიუხედავად ერთ-ერთი მთავარი ტენდენციისა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. იტალიელებმა პრობლემაც შემოქმედების წყაროდ აქციეს და ახალი ტენდენციების მთავარი აზრი გადაჭარბებული ფუფუნების და უმიზეზოდ გადამეტებული კომპონენტების ნაცვლად, თავდაჭერილი, ლაკონური ფორმებით, ნაკლებად ძვირფასი მასალებით შესრულებული დიზაინი წარმოადგინეს – ყოველგვარი ზედმეტისგან განტვირთვა, ახალი მინიმალიზმი, ფუფუნებაზე უარის თქმა – დიზაინერების საპასუხო რეაქციაა.

კლაუდიო ლუტი

Salone del Mobile გამოყენებით დიზაინს სახვით პროექტებს უკავშირებს, რაც უტილიტარულ ხელობას სცდება და მოდერნული ხელოვნების ნამუშევარია. „სად ცხოვრობენ არქიტექტორები" – ასეთი სახელწოდებით გამოფენის ფარგლებში უზარმაზარი მულტიმედიური ინსტალაცია მოეწყო, რომელიც 8 უაღრესად გამორჩეული არქიტექტორის მოსაზრებებს საცხოვრებელი სივრცის, ასე ვთქვათ, შინაური დიზაინის შესახებ სხვადასხვა ფორმით მიგვითხრობს. ამ საპატიო სიაში ისეთი სახელებია, როგორიცაა შიგერუ ბანი – 2014 წლის პრიტცკერის პრიზის მფლობელი, მარიო ბელინი, დევიდ ჩიპერფილდი, საქართველოსთვის კარგად ნაცნობი დორიანა და მასიმილიანო ფუქსასები, ზაჰა ჰადიდი, მარიო კოგანი, დანიელ ლიბესკინდი და ბიჯოი ჯეინის სტუდია „მუმბაი".

რვა საავტორო ინტერიერი ერთგვარ დიალოგშია ერთმანეთთან და, თავის მხრივ, 8 მეგაპოლისს წარმოადგენს – ტოკიო, მილანი, ბერლინი, პარიზი, ლონდონი, სან პაულო, ნიუ იორკი და ბომბეი. ინსტალაცია საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ ის ფორმები და სტილის ნიუანსები, რომლითაც ცნობილი არქიტექტორები ხელმძღვანელობენ ინტერიერის მოწყობის დროს, ეს ყველაფერი კი სხვადასხვა აუდიო-ვიდეო მოთხრობებში ჩანს. მათი სინთეზი მრავალფეროვან პროექციებთან და ესკიზებთან, მნახველს უნიკალურ საშუალებას აძლევს, დაინახოს, თუ როგორ ცხოვრობენ არქიტექტორები, როგორი სახლები აქვთ მათ, როგორები არიან თავიანთ თავთან, რაც მათი შემოქმედების ანარეკლია.


გამოფენას კომპანია Cosmit-ი აწყობს, რომლის პრეზიდენტი კლაუდიო ლუტი ცნობილი კრეატიული ბიზნესმენი და თანამედროვე დიზაინის ბრენდ Kartell-ის მფლობელიც გახლავთ. კლაუდიო ლუტის უკავშირდება უამრავი ინოვაცია თანამედროვე ავეჯის როგორც წარმოების, ასევე მარკეტინგის სფეროში. მას „პლასტიკის ადამიანს" უწოდებენ, სწორედ მისი მენეჯმენტის ქვეშ იქცა Kartell-ი კომპანიად, რომელმაც ნოვატორული მასალების პოპულარიზაცია და მათი აყვანა ლუქს კლასში დახვეწილი დიზაინის ხარჯზე მოახერხა. ფილიპ სტარკის სავარძელი "Louse Ghost", რომელიც პოლიკარბონატისგან დამზადებული პირველი ცალკე მდგომი ნივთი გახლდათ, წარმოებაში სწორედ კლაუდიო ლუტიმ ჩაუშვა და ამით მოდერნული ავეჯის სიმბოლოდ აქცია.

კლაუდიო ლუტის პრესისთვის მოწყობილ „წითელ ლაუნჯში" ცნობილი დიზაინის გარემოცვაში შევხვდით. საუბარი Salone del Mobile-ს სულ უფრო მზარდი წარმატების შესახებ დავიწყეთ:

კლაუდიო ლუტი: „Salone del Mobile-ს კერძო კომპანია Cosmit-ი აწყობს, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს ავეჯის მწარმოებელ სხვადასხვა ფირმებს და სწორედ მათი ერთიანობა გვაძლევს ძალას, დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პლატფორმა ვიყოთ თანამედროვე ავეჯის დიზაინის პრეზენტაციისთვის. კომპანიაში ფულს ჩვენ ვდებთ და ჩვენვე განვკარგავთ მოგებას, რომელიც, როგორც წესი, ისევ გამოფენის მოწყობაში ბრუნდება. რა თქმა უნდა, ქალაქი ძალიან გვეხმარება, არა მარტო გვეხმარება, არამედ ეს უკვე პარტნიორობაა. ეს გამოფენა უნიკალური პროექტია იტალიისთვის, ამის გამოც მილანში ათასობით ავეჯის მწარმოებელი, დიზაინერი, მყიდველი და ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ საუკეთესო დიზაინს, მოწინავე მწარმოებლები ნახონ და მრავალი კულტურული მოვლენით დატკბენ. ჯერჯერობით, შედეგით ყველა კმაყოფილია..."

თქვენი კომპანია ერთ-ერთი ლიდერია თანამედროვე საყოფაცხოვრებო დიზაინის სფეროში, ისევე როგორც ზოგადად Salone del Mobile. როგორ ახერხებთ პირველობის შენარჩუნებას?

„არასდროს არ უნდა შეუშალოთ ხელი შემოქმედებაში ადამიანებს, რომლებიც ქმნიან, პირიქით, ჩვენ მხოლოდ ფანტაზიის სტიმულირებას ვუწყობთ ხელს, მთელი ძალისხმევა პროდუქტის შესრულებაზე, მის ხარისხზე გადაგვაქვს, როდესაც იდეა მზადაა. მე მრავალი წლის წინ დავიწყე ფილიპ სტარკთან ერთად პოლიკარბონატისაგან დამზადებულ ავეჯზე მუშაობა, მაშინ მხოლოდ მცირე ზომის ავეჯის ჩამოსხმა იყო შესაძლებელი, დღეს კი ახალი ავეჯის პრეზენტაცია გვაქვს სერიიდან "Uncle Jack", რომელიც გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე 12 წლის წინანდელი მაგალითები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იტალიელი ხელოსნებია, ჩვენ მასობრივ პროდუქციას გავურბივართ და არტიზანების ხელობას დიდად ვაფასებთ, მილანის ირგვლივ ყველანაირი წარმოებაა, საკმარისი იმისთვის, რომ ავეჯი საუკეთესო ხარისხის გააკეთო, მრავალნაირი ტრადიციული თუ თანამედროვე მასალისგან".

გამოფენაზე წარმოდგენილი ავეჯი ხშირად ხდება ფეტიშის საგანი, რაც ამა თუ იმ ნივთის უნებართვო ასლების გაჩენას სტიმულს აძლევს და ხშირად უხარისხო წაბაძვა ნივთს აუფასურებს. როგორ ებრძვით უკანონო ასლებს?

„იცით, მე იმ კომპანიის მფლობელი ვარ, რომლის პროდუქციაც ლუი ვიტონის ჩანთების შემდგომ ყველაზე მეტად არის „მოპარული", მაგრამ ამ წლების განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი – წარმატების პირველი ტალღა ყოველთვის ჩვენია და თუ ღირსეული ადამიანი ხარ, არასოდეს შეიძენ მოპარულ ნივთს. ასე რომ, პირიქით, ჩვენ მიერ შექმნილი სილამაზე გვინდა ყველამ ნახოს და რაც შეიძლება მალე შეიყვაროს".

კომენტარები