გამოფენა

პროტესტი, რომელიც ჯერ ისევ ვერ განხორციელდება

თბილისის მეხუთე საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმი

ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმი თბილისში უკვე მეხუთედ ტარდება. თეატრალური ფესტივალის მსგავსად, ისიც შემოდგომაზე იმართება, ერთ კვირას გრძელდება და სეზონის მთავარ კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, არტისტერიუმის პროგრამა ყოველთვის რომელიმე სლოგანს ან თემას ირჩევს. წელს ასეთი თემაა “პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება”, რაც მსოფლიო ტენდენციებთან ერთად ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ კლიმატსაც დაემთხვა. შარშანდელი ლოზუნგიც “ცვლილებების მანიფესტი” ამავე პრობლემატიკასთან იდგა ახლოს და არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების ნახვის, არამედ პოლიტიკური ხაზგასმების მქონე ნამუშევრებთან შეხვედრის მოლოდინს გვიჩენდა.

გამოდის, რომ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, იდეოლოგიურად უწყინარი თეატრალური ფესტივალისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე იღებს მისიას, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ინტელექტუალიზაცია მოახდინოს. გამოვიდეს, როგორც თეორეტიკოსი ან, უბრალოდ, იწინასწარმეტყველოს მოსალოდნელი ცვლილებებისა და მოვლენების შესახებ. მაგრამ საქართველოს მაგალითზე პოლიტიკური არტის ნიმუში არც ისე ბევრია, თუ არ ჩავთვლით ფემინისტურ და გენდერულ თემატიკაზე განხორციელებულ

მაია ბარათაშვილი
პროექტებს; განსხვავებით თუნდაც მეზობელი რუსეთისგან, რომელმაც ამერიკული პოპარტის პარალელურად სოცარტის მთელი დისკურსი შექმნა და კონვერტირებადი გახადა დასავლეთის არტბაზარზე – ყოველგვარი ეთნო და საგანმანათლებლო შეფერილობის გარეშე.

წელს ფესტივალის სტუმარია ცნობილი ვარსკვლავი ვიტალი კომარი. ადრეული არტისტული ტანდემიდან კომარი და მელამიდი, რომელმაც სწორედ როგორც სოცარტის პიონერმა გაითქვა სახელი დასავლეთში, მერე კი საერთოდ, ამერიკაში გადასახლდა. მან თბილისელ დამთვალიერებელს და გამოფენის სტუმრებს შესთავაზა ლექცია, რომელშიც საკუთარი ნამუშევრების მაგალითზე მსუბუქ ირონიულ დისკურსს ქმნიდა საბჭოთა ხელოვნების შესახებ. აქ, მისი განმარტებით, ავანგარდისა და კლასიციზმის ელემენტები ეკლექტურად თანაარსებობდა.

ის ასევე “დასცინოდა” მასობრივ გემოვნებას, თუნდაც ამერიკაში, სადაც ხალხს, ისევე როგორც რუსეთში, პრიმიტიული და სენტიმენტალური წარმოდგენები აქვს ხელოვნებაზე. ვიტალი კომარი იხსენებდა ენდი უორჰოლთან თანამშრომლობასაც. პირველად მისი კემპბელის სუპის ცნობილი ქილა გადახატა, ოღონდ დიფუზიაში, როგორიც ის ათასობით წლის შემდეგ იქნება რომელიმე არქეოლოგიურ აღმოჩენაში. ამერიკელ პოპარტისტს კი უპასუხია: “ოჰ, რას ამბობთ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას”. ბიზნესიც გაუხსნიათ ერთად, გაავრცელეს განცხადება, რომ ძვირად შეისყიდიდნენ სულებს და გაყიდვის შემთხვევაში პროცენტს გაყოფდნენ საგალერეო კონტრაქტის მსგავსად. სულის გაყიდვის მოსურნე დაახლოებით ათასი ადამიანი აღმოჩნდა, გამოჩნდა მღვდელიც, რომელიც აქტიურ პროტესტს გამოთქვამდა ამ უკანონო ბიზნესის გამო, მაგრამ რადგანაც შესყიდვის სურვილი არავის ჰქონდა, ეს არტისტული ბიზნესი აღარ განვითარებულა.

ყოველივე ეს უკვე ერთგვარ ფილოსოფიურ თამაშებში გადაიზარდა და კონცეპტუალიზმიდან მოყოლებული, თანამედროვე მხატვრობა დიდი ხანია ამით არის დაკავებული. ძირითადი დისკურსი ყველაფერი უბრალოს და მიწიერის დაცინვაა, რითიც თანამედროვე არტი ახალი და ამაღლებული მღვდლის როლს ირგებს; მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე ხშირად ასეთივე მონდომებით დასცინის რელიგიას, როგორც სააზროვნო კლიშეს და კიტჩს.

ბუნებრივად იბადება კითხვა: რომ არ ყოფილიყო საბჭოთა ესთეტიკა, საიდან ექნებოდათ მოსკოველ კონცეპტუალისტებს ეს ფუფუნება, გადაეწერათ ნიშნები და სიმბოლოები და შეექმნათ სოცარტის ბრენდი? ის ხომ არ გააჩნია საქართველოს და ბევრ სხვა ქვეყანას, რადგან

თეო კვიწინაძე
აქ არ ამუშავებულა იდეოლოგიური მექანიზმები, რაც, როგორც თანაპროდუქტი, ხელოვნების ესთეტიკაში შეიძლებოდა გარდასახულიყო.

სინამდვილეში, თანამედროვე ხელოვნების ყველა ძლიერი პარადიგმა იმპერიებისა და მათი იდეოლოგიების კონტექსტშია დაბადებული. გი დებორის მსგავსი პოლიტიკური არტის თეორია შეუძლებელია არსებობდეს ისეთ პერიფერიულ რეგიონებში, რომელთა მნიშვნელოვნების ექსპორტირებაც ან მხოლოდ ეთნო ნიშნით ხდება შესაძლებელი, ანდა თანამედროვე გლობალიზმის საყოველთაო პლატფორმაზე წარმოადგენს ერთ კოლექტიურ დეტალს. ცხადია, საქართველო, მოსკოვისა და ნიუ იორკისგან განსხვავებით, არასოდეს გვთავაზობდა იდეოლოგიას საკუთარ არტში, არც მის რემინისცენციას ან პასტიშს. ასეთი მცდელობები აქ მხოლოდ სასაცილო კარიკატურის სახეს იღებს. ამდენად, ჩვენთან პროტესტის ფენომენიც ასეთი შეუძლებლობის კატეგორიაში ექცევა.

ფესტივალის პარალელურად და ცოტა ადრეც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ახალგაზრდების ერთი ნაწილი, რომელიც ჰიპსტერულ სუბკულტურას შეადგენს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი უშუალოდ ნიუ იორკს უკავშირდება და ანდერგრაუნდის ცნების მსგავსად მაინც უკვე განვლილ პერიოდს წარმოადგენს), ცდილობდა შეექმნა პროტესტის სხვა, უფრო დირექტიული პარადიგმა, რაც, სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო სრულ უტოპიას ემსგავსებოდა. ისინი არა მხოლოდ არ, არამედ ვერ მოხვდებოდნენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე სწორედ იმის გამო, რომ მათ პროტესტში საერთოდ არ არსებობდა ესთეტიკური ნიშანი, როგორც გამაშუალებელი. რომ აღარაფერი ვთქვათ სიმულაკრაზე – მაშინ, როდესაც ნიშნის გარეშე არათუ ხელოვნება, თვითონ პოლიტიკაც შეუძლებელი ხდება.

დენის გონობოლინი
მოკლედ, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისევ შეკრიბა ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ხელოვნების ისტორია და სწორედ ამ ნიშნით ეწოდებათ არტისტები. ასეთი ფესტივალები სქოლასტიკური შეხვედრების ელფერს უფრო ატარებს და სხვა გამოსავალი, ალბათ, არც არის.

ელენე რაქვიაშვილი პროექტებისა და ბანერების ესთეტიკაზე მოგვითხრობს, ილიკო ზაუტაშვილის მხატვრული მესიჯი მოგვითხრობს, რომ რაღაც მარადიული და ლამაზია – როგორც ცის, ასევე მიწის თანახმად და მსუბუქ ერიტიკულ მინიშნებას გვთავაზობს. აზერბაიჯანელი სიტარა იბრაჰიმოვაც, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული გათხოვების მტკივნეულ ისტორიას გვიამბობს, სილამაზეს უსვამს ხაზს, კოკა ცხვედიანის ვიდეო ლუპი მიმდინარე ფარული კამერების ბუმს ნებსით თუ უნებლიეთ ეხმიანება, ხოლო ჰოლანდიელი არტისტი ქალი მარიოლინ ვან დერ მეი მგონი ერთადერთია, ვისაც ნახშირით შესრულებული 2012 წლის აპოკალიპტური და მონუმენტური ხედვა შემოაქვს. ამ ყველაფრისგან განდგომით (და კარგად უწყიან რა პროტესტის შესაძლებლობების მთელი მოსალოდნელი არეალი ჩვენი პოსტმოდერნისტული 21-ე საუკუნისთვის), ჩუკა ნინო კუპრავა და ლიდია მეთიუსი (აშშ) გვთავაზობენ უწყინარი ვორკშოპების ოთახს ჩვენთვის მშობლიური ელიავას ბაზრის თემაზე.

არტისტერიუმის კურატორები არიან მაგდა გურული და ლიკა მამაცაშვილი, ხოლო ორგანიზატორები – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია არტისტერიუმი.

 

კომენტარები