ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: პარტიების ქცევის კოდექსზე ხელი მოწერილი მაქვს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას პარტიების საარჩევნო ქცევის კოდექსისთვის ხელი მოწერილი აქვს. ივანიშვილმა საგურამოში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ევროკომისარ შტეფან ფიულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა.

"კოდექსზე ხელი მოწერილია. შტეფან ფიულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს. ეს ამბავი პრესის მიერაა აგორებული. ირაკლი ალასანია შეხვდა მას მგონი გუშინ და ყველაფერი განუმარტა და ყველაფერი კარგად იციან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, მას მომავალ კვირას ბრიუსელში ვიზიტი არ აქვს დაგეგმილი და ევროკომისართან შეხვედრას არ აპირებს.

13 სექტემბერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პეტერ სტანომ, შტეფან ფიულეს სპიკერმა, განაცხადა, რომ  ფიულემ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს, პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერა სთხოვა. შტეფან ფიულემ ივანიშვილს აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ წაუყენა, რაც კოალიციის ლიდერმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

”ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფიულეს შეხვედრა. ბატონი ფიულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის“ მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, - აცხადებს თავისუფლებასთან საუბარში პეტერ სტანო. 

 

კომენტარები