სასამართლო

ტაბულასა და ტელეკომპანია იმედს შორის სასამართლო დავა დაიწყო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განიხილებოდა დავა ჟურნალ ტაბულასა და ტელეკომპანია იმედს შორის. მხარეებმა მორიგების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ  2012 წლის 9 მარტს, ტელეკომპანია იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა რეპორტაჟი, სადაც გამოყენებულია ჯეიმს აპატურაის ვიდეო-ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჟურნალ ტაბულას ექსკლუზიურად მისცა - ისე, რომ ნახსენები არ არის ინტერვიუს ავტორი და შეგნებულადაა დაფარული ტაბულას ლოგო. საერთო კონტექსტიდან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ აპატურაიმ ხსენებული განცხადებები ტელეკომპანია იმედისთვის გააკეთა. კომენტარები, რომელიც ტაბულას კუთვნილებაა, გამოყენებულია ასევე სიუჟეტის შესავალში, წყაროს დასახელების გარეშე.

ტაბულა ტელეკომპანია იმედისგან ითხოვს ზიანის კომპენსაციასა და მისი საავტორო უფლებების საჯარო აღიარებას, იმ საშუალებებითა და ფორმით, რომელიც თანაზომადია იმედის მიერ ამ უფლების დარღვევასთან. ამ მიზნით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, ტაბულამ სასამართლოს მიმართა.

ტელეკომპანია იმედი თანახმაა ტაბულას საავტორო უფლებები საჯაროდ აღიაროს, ხოლო ზიანის ფინანსურ კომპენსაციაზე უარს აცხადებს.

ტაბულა დავის გაგრძელებას აპირებს და მოგების შემთხვევაში მიღებულ თანხას სოციალურად დაუცველ მოხუცებს მოახმარს. 

საქმის არსებითი განხილვა იგეგმება შემდეგი სხდომისთვის, რომელიც 18 სექტემბერს არის დანიშნული.

კომენტარები