რუსეთი

მოსკოვში აქტივისტების დაკავებები გრძელდება

მოსკოვში 6 მაისს ბალოტნაიას მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აქტივისტების დაკავებები გრძელდება. Svobodanews–ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ალექსეი პოლიხოვიჩს პატიმრობა 26 სექტემბრამდე შეუფარდა. მას დედაქალაქის ცენტრში გამართულ მსვლელობაზე არეულობის მოწყობაში ედება ბრალი.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მოქალაქე, ნიკოლაი კავკაზსკი დააკავეს. უახლოეს მომავალში მას ბრალდებას წაუყენებენ.

გუშინ, 26 ივლისს მოსკოვის ცენტრში საპროტესტო აქცია ლოზუნგით „თავისუფლება 6 მაისის ტყვეებს“ გაიმართა. მიტინგის მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს, რომლითაც მათ ყველა დაკავებულის გათავისუფლება და მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეწყვეტა მოითხოვეს.

ბალოტნაიას მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია ”მილიონიანი მარში” პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებით დასრულდა. მიტინგზე წესრიგის დარღვევისთვის 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 14 მათგანი კი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

 

კომენტარები