სახელმწიფო ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიასთან დაკავშირებული ცვლილებები შედის

საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. პარლამენტში ინიცირებული  პროექტის თანახმად, კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში 162,3 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება. მათ შორის 82,3 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრები, ხოლო 80,0 მლნ ლარი დონორების დაფინანსება იქნება.

 50 მილიონი ლარით დაფინანსდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებები - მათ შორის მოიაზრება საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვებით დახმარება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციების გაცემა და სხვა.

ამასთან, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები კახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით. „კახეთის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, რომლის ასიგნება 110,2 მილიონი ლარია, განხორციელდება საგზაო, ურბანული, ტურისტული და წყალ-კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ამას გარდა, სპეციალური ტრანსფერის სახით 2,1 მლნ ლარი გამოეყოფათ კახეთის რეგიონის თვითმმართველ ერთეულებს.

დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის და ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყენება სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომია გამოიყენება.

ცვლილებების გამო, მცირდება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსება.

 

კომენტარები